17 მაისი 2024,   11:39
ვრცლად
„გუშინ მე ვიყავი ხელისუფლებაში, ჩემსკენ იყავით, დღეს ანრისკენ ხართ, ხვალ ისევ ჩემსკენ იქნებით. ეს ხომ მიუღებელია?“- გიგა ბოკერია მამუკა ვასაძეს

„გუშინ მე ვიყავი ხელისუფლებაში, ჩემსკენ იყავით, დღეს ანრისკენ ხართ, ხვალ ისევ ჩემსკენ იქნებით. ეს ხომ მიუღებელია?“ - ამ განცხადებით „ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ მამუკა ვასაძეს მიმართა.

დღეს პარლამენტი მოსამართლეობის მეხუთე კანდიდატს უსმენს. ამჯერად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს მამუკა ვასაძეს უსმენენ. სხდომა 10 საათზე დაიწყო, ჯერჯერობით მოსმენა დაძაბულობის გარეშე მიმდინარეობს.

ხელისუფლების ოპონენტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მიმართ საკმაოდ მწვავე შეკითხვები აქვთ. 

„ზოგჯერ აქ ესმით ხოლმე, მე ესე მეჩვენება ყოველ შემთხვევაში, რომ თქვენ, ჩვენ რომ ვიყავით ხელისუფლებაში ჩვენსკენ იყავით და ჩვენ ძალადობას დააფარებდით ხელს, ახლა ამათსაც დააფარებთ და ხვალ კიდევ ვინც იქნება, იმისასაც. ეს ხომ მიუღებელია კატეგორიულად?" - განცხადა გიგა ბოკერიამ, რაზეც მამუკა ვასაძემ აღნიშნა, რომ მიკერძოება ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია.

სხდომაზე მამუკა ვასაძეს კითხვა დაუსვა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ოთარ კახიძემ. კახიძე ოთარ ფარცხალაძის საქმით დაინტერესდა.

„2014 წლის იანვარში, საგამოძიებო წრის უფროსი როცა ბრძანდებოდით და მოგაწოდეს ინფორმაცია დანაშაულის შესახებ და მოგიწოდეს, რომ გადაგედგათ შესაბამისი საპროცესო საგამოძიებო ნაბიჯები, რატომ არ დაიწყეთ გამოძიება?“ - მიმართა კახიძემ მამუკა ვასაძეს.

როგორც მამუკა ვასაძემ აღნიშნა, მისი ინფორმაციით, გენერალურ ინსპექციაში ამ საკითხზე სამსახურებრივი შემოწმება მიმდინარეობდა.

„არ მახსენდება მე პირადად, ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო ნაწილში კონკრეტული კორესპონდენცია. ვიცი სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, რომ ამაზე გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობდა სამსახურებრივი შემოწმება,“ - აღნიშნა მამუკა ვასაძემ.

ავტორი: ელიტა ანდღულაძე 

დღის ამბები