17 მაისი 2024,   15:01
ვრცლად
სკანდალური შეწყალების საქმეზე გამოკითხულებმა პროკურატურა დღესაც უკომენტაროდ დატოვეს

პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების დაკითხვა დასრულდა. გამოძიებას აინტერესებს დეტალები, რა ინფორმაცია აქვთ სალომე ზურაბიშვილის გარემოცვის წევრებს შეწყალების საქმეზე.

დღეს დილით პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი იყო დაბარებული. ყველა იმ პირს, რომლებიც გამოიკითხა, გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი. პირველ ეტაპზე, სავარაუდოდ, საზოგადოება მათგან ინფორმაციას ვერ მოისმენს. 

პირებმა პროკურატურის შენობა კომენტარის გარეშე დატოვეს. უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი მათგანი დაკითხვაზე 1 საათიც კი არ იმყოფებოდა. ეს იყო ქალბატონი, რომელმაც ტერიტორია ისე დატოვა, რომ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

ერთადერთი, რაც ცნობილია, ისინი დაიკითხნენ იმ საქმის ფარგლებში, რომელიც უკავშირდება სკანდალურ შეწყალებებს მარიამობის დღესასწაულზე და სავარაუდოდ, პროკურატურამ მათგან იმ პირთა ვინაობები მოისმინა, რომლებიც იყვნენ უშუალოდ ამ პროცესში ჩართულნი და  სავარაუდოდ, გაუწიეს რეკომენდაცია ადამიანებს, რომლებმაც მძიმე დანაშაულში მხილების მიუხედავად, საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვეს.

ცნობილია, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და დღეს უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი დაიკითხნენ.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება და იმ შემთხვევაში თუ პროკურატურას ექნება კონკრეტული პასუხები, ამის შესახებ საზოგადოებაც შეიტყობს.

სავარაუდოდ, გამოკითხვები გაგრძელდება, თუმცა ვისით დაინტერესდება ამჯერად გამოძიება, ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები