17 მაისი 2024,   11:14
ვრცლად
წინა ხელისუფლებასთან შედარებით ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით უკეთესი სტანდარტი გვაქვს - მამუკა ვასაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, გენერალური პროკურორის პირველ მოადგილე მამუკა ვასაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს.

პარლამენტის დამოუკიდებელმა კანდიდატმა გედევან ფოფხაძემ კანდიდატს ჰკითხა, არის თუ არა ის მკვლელი, ხოლო ეკა ბესელია - კორუმპირებული.

მოსამართლეობის კანდიდატმა ორივე კითხვაზე უარყოფითი პასუხი გასცა და დასძინა, რომ სანამ ამ საკითხებზე სასამართლო გადაწყვეტილება არ დადგება, მსგავსი შეფასების გაკეთების უფლება არ აქვს.

“იმედია, ვანო ზარდიაშვილი უყურებს, ისმენს ამას და ისარგებლებს თქვენი არათი,“- აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იკითხა, როგორ გამორიცხავს კანდიდატი ინტერესთა კონფლიქტს და რას მოიმოქმედებს, თუ უზენაეს სასამართლოში ისეთი საქმე შევა, რომელშიც მას ამჟამინდელი თანამდებობის გამო მონაწილეობა აქვს მიღებული.

როგორც მამუკა ვასაძემ აღნიშნა, ამ შემთხვევაში, აცილების უფლებას გამოიყენებს.

ეკა ბესელიამ კითხვა წინა ხელისუფლების დროს პროკურატურასა და სასამართლოში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ დასვა. ვასაძის თქმით, არაერთი ასეთი ფაქტი გამოვლინდა და დადასტურდა, რის შედეგადაც  მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. როგორც ვასაძე მიიჩნევს, ამ კუთხით სხვა სტანდარტები იყო და ახლა გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ მამუკა ვასაძეს ჰკითხა თუ რატომ ვერ მიდის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების საქმეთა გამოძიება ბოლომდე.

„მოპოვებასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობაში მიცემულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, პოლიციის უფროსი,“- უპასუხა ვასაძემ კილაძეს.

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესი 23 სექტემბერს დაიწყო. დეპუტატები და არასამთავრობოების წარმომადგენლები უკვე გაესაუბრნენ თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილს, შოთა გეწაძესა და მირანდა ერემაძეს.

დღის ამბები