17 მაისი 2024,   06:56
ვრცლად
"გვეუბნება, რომ ჩვენ დემოკრატია უნდა შევასუსტოთ"- ექსპერტები ლავროვის სკანდალური განცხადების შესახებ 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სკანდალურ განცხადებას ექსპერტთა ნაწილი აფასებს. სერგი ლავროვმა მისი და დავით ზალკალიანის შეხვედრის დეტალებზე გაეროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ რუსულ მხარესთან შეხვედრა საქართველომ ითხოვა.

ნიუ-იორკში გამართული შეხვედრის შესახებ რუსი დიპლომატის განცხადების მოსმენისას, ანალიტიკოსების ნაწილს შთაბეჭდილება დარჩა, რომ ლავროვმა საქართველო დაამცირა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ რუსული მხარე საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას ცდილობს. 

"ის გვეუბნება, რომ ჩვენ დემოკრატია უნდა შევასუსტოთ, ის გვეუბნება, რომ ის არასოდეს არ ყოფილა ჩხუბის თავი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის რუსეთი იწყებდა ჩხუბს საქართველოს წინააღმდეგ და ბოლოს გვეუბნება, რომ ერთადერთი საფასური, იმისთვის, რომ დემოკრატია შესუსტდეს, ადამიანებს აზრის გამოთქმა რუსეთზე არ შეეძლოთ, არის ის, რომ ფრენების აღდგენაზე ვაჭრობა დაიწყება. ამიტომ, ის არ გვთავაზობს ჩვენს დეოკუპაციას, არ გვთავაზობს ე.წ. ბორდერიზაციის და მცოცავი ანექსიის შეჩერებას, ის იწყებს ვაჭრობას მხოლოდ დ მხოლოდ ფრენების აღდგენიდან" - აცხადებს თეონა აქუბარდია.

ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრის შესახებ საუბრობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორი. პროფესორი ვასილ კაჭარავა ამბობს, რომ ეს შეხვედრა რუსეთისთვისაც მნიშვნელოვანი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას არ გააკეთებდა.

"მთელი ეს მოლაპარაკებები, ბუნებრივია, ავია ხაზების მოქმედების აღდგენისთვის არ იქნება ბუნებრივია, მაშინ რასაკვირველია, ეს იქნება ძალიან ცოტა. ზემოდან, იმპერიული ქედმაღლობა ჩანს ამაში, მაგრამ რუსეთისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა, ნუ გეშინიათ, ქართველების ხათრით, ამას ისინი არ გააკეთებდნენ. რამდენიც არ უნდა დაგვაბრალონ, რომ ჩვენ მოვთხოვეთ და ლამის დავუჩოქეთ, არ გააკეთებდნენ. მათთვის ეს არის საკმაოდ სერიოზული წარმატება. მაგათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველ შემთხვევაში, მინისტრების შეხვედრა პირველად მოხდა ასეთი პაუზის შემდეგ“ - განაცხადა ვასილ კაჭარავამ.

სერგი ლავროვი განცხადების გაკეთების დროს, ირონიული იყო. რუსი დიპლომატის თქმით, დიალოგის დასრულების შემდეგ, მისი ქართველი კოლეგის შეფასებები წაიკითხა და ეს კომენტარები უფრო გრძელი იყო, ვიდრე შეხვედრის ხანგრძლივობა.

 

დღის ამბები