17 მაისი 2024,   14:45
ვრცლად
„ინტელექტუალური აქტივით მსურს დავდო მნიშვნელოვანი აგური სახელმწიფოს მშენებლობაში" - ”ლელოს” წევრი  

მამუკა ხაზარაძემ "საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" კიდევ 12 წევრი წარადგინა. საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ახალ წევრებს შორის ეკონომისტები, იურისტები, მუსიკოსები, მხატვრები, სპორტსმენები, ისტორიკოსები, მწერლები, ფსიქოლოგები და ბიზნესმენები არიან.

როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა ”ლელოს” წევრი თორნიკე შურღაია ამბობს, მისი სურვილია, საკუთარი წვლილი შეიტანოს სახელმწიფოს მშენებლობაში. 

„ინტელექტუალური აქტივით მსურს დავდო მნიშვნელოვანი აგური სახელმწიფოს მშენებლობაში. როდესაც გარშემო უამრავი საფრთხეა, გამოწვევებია, ოკუპაციაა, ბორდერიზაციაა და ყოველივე ამას სჭირდება ახალი ძალა, ახალი სისხლი, მე ჩავთვალე ვალდებულად თავი, რომ დავმდგარიყავი სიახლის და პროგრესის მხარეს,“ - განაცხადა  თორნიკე შურღაიამ.

საზოგადოებრივი მოძრაობის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე საუბრობს ”ლელოს” კიდევ ერთი წევრი ხათუნა თავდგირიძე. 

"ჩვენ უპირველესად, ჯერჯერობით, წარმოვადგენთ მოძრაობას, ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობა და ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია ამ მოძრაობის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება და იმედის გაჩენა, რომელიც არის ამ ეტაპზე დაკარგული,“ - განაცხადა ხათუნა თავდგირიძემ.

საზოგადოებრივ მოძრაობა "ლელოს" შეუერთდა ბიზნესმენი დავით ბეგაშვილი.  

„30 წლის ბიზნესგამოცდილებით, მე შემიძლია ეკონომიკურ გუნდში გავუწიო დახმარება ქვეყანას. მე ჯერჯერობით მოძრაობაში ვრჩები და არც ვიცი, 2020-ში მივიღებ რამე პოლიტიკურ მოძრაობაში მონაწილეობას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მე ამ მოძრაობაში ვარ და აქ ვხედავ ჩემს ადგილს,“ - განაცხადა დავით ბეგაშვილმა. 

დღესვე ხაზარაძემ, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. 

დღის ამბები