17 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
"მსგავსი განცხადებით კარიერას კი არ იწყებენ, არამედ ამთავრებენ" - პოლიტიკოსები მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურებიან

"მსგავსი განცხადებით კარიერას კი არ იწყებენ, არამედ ამთავრებენ," - ასე ეხმაურებიან პოლიტიკოსები მამუკა ხაზარაძის განცხადებას. 

დეპუტატების შეფასებით, "ქალი სამზარეულოში", - ამ სტერეოტიპის გამყარება ძალიან უხერხულია მამუკა ხაზარაძის მხრიდან. ისინი შეახსენებენ "ლელოს" დამფუძნებელს, რომ ქალები არიან ძლიერები და ამ ტრენდზე აყოლა მამუკა ხაზარაძისთვის დამღუპველი იქნება.  სწორედ ამ განცხადების საფუძველზე შეიქმნება ფონი საზოგადოებაში, რომ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში მოსვლას წარმატებით ვეღარ მოახერხებს,  - მიაჩნიათ პოლიტიკოსებს.

"მიუხედავად იმისა, რომ მაია ცქიტიშვილზე მაღალი წარმოდგენის არც მე არ ვარ, არ მომწონს ასეთი შედარება ქალთან მიმართებაში იმიტომ, რომ ხაჭაპურს მამაკაცებიც კარგად აცხობენ ხოლმე. ასეთი იდენტიფიცირება საჯარო სივრცეში მყოფი ქალების რაღაცა დიასახლისის როლთან, გულწრფელად გითხრათ კარგად არ გამოიყურება. მე არ მივესალმებოდი ასეთ ფორმულირებებს, თუმცა არც ის ვიცი როგორ აცხობს ხაჭაპურს და არც იმ აზრის არ ვარ, რომ მარტო ქალებთან მიმართებაში შეიძლება გამოიყენო ასეთი რამ, რომელიც უკავშირდება კულინარიას და სამზარეულოს," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პოლიტიკოსების და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ეს განცხადება გენდერული ნიშნით დაყოფად აღიქვა. ხაზარაძის განცხადებას სექსისტური უწოდეს.

"შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენად გამჯდარია ეს სტერეოტიპული მიდგომები ქალების მიმართ, მენტალურ დონეზე ძნელი გადასალახია, თუმცა, როდესაც პოლიტიკაში მოდიხარ და საჯარო გამოსვლებში გიწევს მონაწილეობა, მსგავსი სექსისტური, დისკრიმინაციული გამონათქვამები განსაკუთრებით ქალების მიმართებაში არის, რა თქმა უნდა, მიუღებელი და ვფიქრობ, რომ ერთადერთი, ვისაც დააზარალებს, არის თავად მამუკა ხაზარაძე," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" მდივანი ნინო წილოსანი.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი ხაზარაძის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს. დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, როცა ხაზარაძე მსგავსი განცხადებით იწყებს პოლიტიკურ კარიერას, მისი პოლიტიკური კარიერა ამითივე უნდა დასრულდეს.

"სამარცხვინოა პოლიტიკოსისგან ასეთი განცხადების გაკეთება, მით უმეტეს, როცა ასე იწყებს კარიერას, მისი პოლიტიკური კარიერა ამითივე უნდა დასრულდეს იმიტომ, რომ ეს არ არის ადამიანი, რომელმაც შეიძლება თანამედროვე პოლიტიკაში რამე პოზიტიური სიტყვა თქვას. ვინც ასე აზროვნებს, მისი ადგილი პოლიტიკაში არ იქნება," - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ხაზარაძეს მიმართავს და აღნიშნავს,  რომ მსგავსი რამ არ უნდა შეეშალოს. მდინარაძის თქმით, ქალის მიმართ მსგავსი განცხადებები, რბილად რომ ვთქვათ, სწორი არ არის.

"ბატონო მამუკა ასეთი რაღაცეები არ უნდა შეგეშალოს. ქალის მიმართ ასეთი განცხადებები არ არის სწორი, ყველაზე რბილად ვთქვათ. ამიტომ მოვუწოდებ ამ ადამიანს, ცოტა დააკვირდეს რას ლაპარაკობს და შეურაცხყოფის რაღაც ცინიკურ და მსგავს ფორმებს თავი დაანებოს. მას არ გამოადგება პირველ რიგში ეს პოლიტიკაში," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

რაც შეეხება მაია ცქიტიშვილს, ჯერჯერობით მამუკა ხაზარაძისთვის მას პასუხი არ გაუცია. 

დღის ამბები