18 მაისი 2024,   13:33
ვრცლად
პარლამენტი ბიუჯეტის განხილვას იწყებს - 2020 წლის ფინანსურ დოკუმენტს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება

პარლამენტი 2020 წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს. პირველად მომზადებულ პროექტს დიასპორის საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ. წინასწარ ცნობილია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. ხარჯვითი ნაწილის ცვლილებები და გაზრდილი ხელფასები - ეს იქნება ის ძირითადი მიმართულებები, რაც ხელისუფლების ოპონენტებისთვის მიუღებელია.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ, ვინაიდან "ქართულმა ოცნებამ" ის ისე შეიმუშავა, რომ 2020 წლის არჩევნებისათვის მოსახლეობის კეთილგანწყობა მოიპოვოს, იმ გამოწვევებს კი, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს დოკუმენტი რეალურად არ პასუხობს. 

"2020 წლის ბიუჯეტი კვლავ არის "ქართული ოცნების" პარტიული საარჩევნო ბიუჯეტი და რა თქმა უნდა, არ პასუხობს უმთავრესი პრობლემის სიღარიბის დაძლევის პრობლემის მოგვარებას, რომელიც აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს. ამის თქმის საშუალებას რა თქმა უნდა, გვაძლევს ის ასეულობით მილიონი ლარი, რომელიც იფლანგება წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" ბიუროკრატიაზე, რომელიც არაფერს აკეთებს და პირდაპირი გაგებით მხოლოდ პარტიული აქტივია "ქართული ოცნების". ამის პარალელურად საინტერესოა, რომ იზრდება კვლავ სახელმწიფო ვალი მნიშვნელოვნად," - განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

ეკა ბესელიას თქმით, აღნიშნული დოკუმენტი საარჩევნო კალენდარს და 2020 წლის არჩევნებზე არის მორგებული.

"ბიუჯეტს აქვს რა თქმა უნდა, თავისი ხარვეზები იმიტომ, რომ მთლიანად დალაგებული არის ახლა საარჩევნო კალენდრის მიხედვით და 2020-ის არჩევნების ინტერესებს მორგებული არის, ამ მხრივ საინტერესო იქნება ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელიც საჭიროებს მეტ მხარდაჭერას, ადამიანის უფლებების კუთხით გაძლიერება, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი თუ დამოუკიდებელი ინსტიტუტების საქმიანობის," - აცხადებს პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე, 2020 წლის ბიუჯეტს უვარგისს უწოდებს. მისი თქმით, ქვეყნის ვალი იზრდება და ეს ლარის გაუფასურებაზე კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობას მოახდენს.

"2020 წლის ბიუჯეტი არის ისეთივე უვარგისი, როგორიც იყო 2019 წლის ბიუჯეტი, რომელმაც გააუფასურა ლარი. ქვეყნის ვალი იზრდება და აი ამ ვალით აგებული ბიუჯეტი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობას მოახდენს ლარზე და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ფასები. ფაქტობრივად ადამიანებს რაღაცა სატყუარა სავით გადაუგდებენ, ეუბნებიან, რომ შემოსავალს გიზრდით ერთი ხელით, ხოლო მეორე ხელით უკვე ინფლაციის გამო ამ შემოსავალს ართმევენ," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები