18 მაისი 2024,   15:39
ვრცლად
"არ შეიძლება არც ორ სკამზე ჯდომა და არც ორმაგი სტანდარტი“ - ეკა ბესელია გენდერული საბჭოს საქმიანობას აკრიტიკებს 

"ჩემი კრიტიკა მიემართება იმაზე, რომ არ შეიძლება არც ორ სკამზე ჯდომა და არც ორმაგი სტანდარტი“ - ამ განცხადებით, დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია გენდერული საბჭოს საქმიანობას აკრიტიკებს და თამარ ჩუგოშვილს ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში ადანაშაულებს.

დეპუტატი მის მიმართ მაია ცქიტიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იხსენებს და ამბობს, რომ გენდერულ საბჭოს პოზიციის დაფიქსირება ამ შემთხვევაზე გაუჭირდა, რადგან ცქიტიშვილი მმართველი გუნდის წარმომადგენელია.

„როდესაც ქალბატონი ცქიტიშვილის ის ცნობილი, ყველასგან დასაგმობი კომენტარი გაკეთდა, გენდერული საბჭო დუმდა. რატომ დუმდა? იმიტომ, რომ არ უნდოდათ ეწყენინებინათ ქალბატონი ცქიტიშვილისთვის, პირადი ურთიერთობების გამო. მაშინ სად იყო ქალბატონი ჩუგოშვილი?“ - აცხადებს ეკა ბესელია.

გენდერული საბჭოს თავმჯდომარისთვის კი ეს ბრალდებები მიუღებელია.

„პირადი ცხოვრების ფაქტებთან დაკავშირებით, საბჭოსაც აქვს განცხადება გაკეთებული. მე მაქვს არა ერთხელ გაკეთებული, მათ შორის ბოლო ინციდენტთან დაკავშირებით, რომელსაც კომიტეტზე ჰქონდა ადგილი და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავიდა ბესელიას და ზარდიაშვილს შორის. მომავალი საბჭოს სხდომა როცა გვექნება, მივუბრუნდებით კიდევ ერთხელ და მასაც მოვუსმენთ, თვითონ პირადად ეკას რა მოლოდინები აქვს კონკრეტულად, საბჭოს როლს რაში ხედავს უფრო მეტში, გარდა იმისა, რასაც საბჭო აკეთებს თავისი პოზიციის დაფიქსირების სახით,“ - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

 

დღის ამბები