18 მაისი 2024,   17:02
ვრცლად
ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას გავრილოვის სკანდალურ ვიზიტთან დაკავშირებით, პოლიტიკოსები პასუხობენ

პარლამენტის ყოფილი დეპუტატის განცხადებებს უკვე მოჰყვა გამოხმაურებები. პოლიტიკოსებისგან ერთ-ერთი პირველი, ვინც ზაქარია ქუცნაშვილს უპასუხა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი იყო.

"პრობლემა ამ ასამბლეასთან დაკავშირებით გაჩნდა მაშინ, როდესაც  რუსი დეპუტატი ვიხილეთ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ეს იყო სწორედ შეცდომა, თუ ამ ღონისძიების ორგანიზატორებს მცდელობა აქვთ, რომ პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალონ, მაშინ ეს არ გამოუვათ და არ არის ეს სწორი,"- აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

"მომხდართან დაკავშირებით ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ პასუხისმგებლობა აიღო მაშინაც კი, როდესაც პირდაპირი პასუხისმგებლობა არ ჰქონდა მომხდარზე პარლამენტის მაშინდელ სპიკერს. ირაკლი კობახიძემ  მიიღო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება და დატოვა თანამდებობა. სხდომა უნდა წაეყვანა ბერძენ კოლეგას და ის, რაც მოხდა იყო პროვოკაციული ნაბიჯი,"- აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრის დროს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

"ხელების შეხოცვა კობახიძე-ქუცნაშვილზე ძალიან გაუმართლებელი იყო, პასუხისმგებლობა გახარია-გომელაურ-ივანიშვილს უნდა აეღოთ,"- მიიჩნევს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანი თინა  ბოკუჩავა.

"ამ ყველაფერზე იცოდნენ "ქართული ოცნების" ლიდერებმა, მათ შეგნებულად არაფერი არ გააკეთეს ამის თავიდან ასაცილებლად, მეტიც ჩააბრძანეს გავრილოვი სავარძელში. ის, ვინც გავრილოვის ღამე მოაწყო, დღეს დასჯილი არ არის," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე.

შეგახსენებთ, დღეს, ასდღიანი დუმილის შემდეგ ზაქარია ქუცნაშვილმა დეტალურად ისაუბრა, თუ რა მოხდა რეალურად იმ დღეს, როდესაც სერგეი  გავრილოვმა პარლამენტის სპიკერის სავარძელი დაიკავა.

ყოფილი დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი, რომელმაც თანამდებობა ამ სკანდალის შემდეგ დატოვა, ამბობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა სრულიად ოპოზიციას ეკისრება.

დღის ამბები