20 მაისი 2024,   01:13
ვრცლად
"კვირა არ გავა, უხერხულ, სამარცხვინო მდგომარეობაში არ ჩაგვაყენოს"- ოპოზიცია პრეზიდენტის შეწყალებულების ახალ სკანდალს ეხმაურება

სკანდალი შეწყალების საქმეზე მძიმდება - პრეტენზიების ჩამონათვალს კიდევ ერთი დაემატა. როგორც ირკვევა, სალომე ზურაბიშვილმა 16 წლამდე მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირისთვის გასამართლებული შეიწყალა. ბოლო 10 თვის განმავლობაში პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საპატიმრო სულ 91-მა პირმა დატოვა. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ამ სიაში, შესაძლოა, სხვა მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებიც იყვნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ მურთაზ ზოდელავას თქმით, სალომე ზურაბიშვილი ხალხს იმის ღირსადაც არ მიიჩნევს, რომ მათთან რაიმე განმარტება გააკეთოს. როგორც ზოდელავა ამბობს, ეს მისგან გასაკვირიც არაა, რადგან ზურაბიშვილი მხოლოდ ივანიშვილთანაა ანგარიშვალდებული:

"ის ანგარიშვალდებულია მხოლოდ ივანიშვილთან და პირადად ივანიშვილის ჯიბის პრეზიდენტია,"- განაცხადა ზოდელავამ.

"ევროპული საქართველოს" წევრ გიორგი კანდელაკის თქმით, საქართველოს ჰყავს თავისმომჭრელი პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას თავს ჭრის როგორც საგარეო, ასევე საშინაო საქმეებში.

"კვირა არ გავა, რომ უხერხულ, სამარცხვინო მდგომარეობაში არ ჩაგვაყენოს,"- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე განმარტებას ითხოვს იუსტიციის მინისტრიც,  რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძის თქმით, შეწყალების პროცესთან დაკავშირებით საზოგადოებასთან პრეზიდენტის მხრიდან მეტი კომუნიკაციაა საჭირო.

დღის ამბები