19 მაისი 2024,   23:56
ვრცლად
"პროკურატურა ცდილობს საქმე შეთითხნოს"- ადვოკატი მელაძის პროკურატურაში დაბარებას მედიაზე ზეწოლად აფასებს

ნოდარ მელაძის ადვოკატის დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, პროკურატურას მელაძის საგამოძიებო უწყებაში დაბარების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა და ამას მედიაზე ზეწოლის მცდელობად აფასებს:

"ნოდარ მელაძე დაბარებულია მოწმის სახით გამოკითხვაზე, პრინციპში კითხვები იქნება "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით, რაც იქამდე ჰქონდათ ზაალ უდუმაშვილთან და გიორგი ლაფერაშვილთან და რაზეც საუბრობდა "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი, როდესაც ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. საბოლოო ჯამში ბუნებრივია სასაცილოა ეს ყველაფერი და თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ნოდარ მელაძის დაბარებით საინფორმაციო გამოშვებებში ტონი შერბილდება ან რაღაცა შეიცვლება სარედაქციო პოლიტიკაში, ძალიან ცდება. გარდა ამისა პროკურატურა შეეცდება, რომ ამ მიმართულებითაც ნიკა გვარამიას ბრალის დამძიმება მოახდინოს,"- განაცხადა საძაგლიშვილმა.

ადვოკატის თქმით, დაწყებული გამოძიების მიზანი "მთავარი არხის" განეიტრალება და "რუსთავი 2-ის"  გაკოტრების ნიკა გვარამიასთვის დაბრალებაა:

"ფიზიკურად შეუძლებელია ვისაუბროთ სამართლებრივ მხარეზე, იმიტომ რომ ბუნებაში არ არსებობს, უბრალოდ პროკურატურა ცდილობს საქმე შეთითხნოს. მიზანი არის "მთავარი არხის" განეიტრალება და "რუსთავი 2-ის" გაკოტრების დაბრალება, რაც აუცილებლად მოხდება და ხელისუფლება შეეცდება ეს ნიკა გვარმიას დააბრალოს, წარმოაჩინოს თითქოს ხელისუფლების სურვილი არაა "რუსთავი 2-ის" გაჩუმება და გაკოტრება," - განაცხადა საძაგლიშვილმა.

 

დღის ამბები