19 მაისი 2024,   22:54
ვრცლად
სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი ხელმძღვანელი აუდიტის სკანდალურ დასკვნას გამოეხმაურა

აუდიტის სამსახურის სკანდალურ დასკვნას, რომელიც "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" 2014-2017 წლების ანგარიშს მოიცავს, კომპანიის  ყოფილი ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძე გამოეხმაურა.

როგორც ზუმბურიძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას  განაცხადა, დასკვნაში შეცვლილი რეალობაა ასახული, რადგან როდესაც აუდიტის სამსახური 2014-2017 წლების საქმიანობას სწავლობდა, მან და მისმა სამსახურმა აუდიტის წარმომადგენლებს დაუდეს არგუმენტები, რითაც 12 მილიონზე მეტი პრემიის გაცემა და 77 მილიონზე მეტი ზარალი იყო ახსნილი, თუმცა აუდიტის სამსახურმა ეს არგუმენტები არ გაითვალისწინა. ზუმბურიძე გამოძიების დაწყების შემთხვევაში  თანამშრომლობისთვის მზადყოფნას აცხადებს:

"არ ვეთანხმებოდით და ამაზე პასუხი გავეცით. თუ ჩათვლის რომელიმე სამსახური, რომ საჭიროა ამ საკითხებზე რეაგირება, იმ ფორმატში მოხდება პასუხების გაცემა,"- განაცხადა  ზუმბურიძემ.

აუდიტის სამსახური მორიგ დასკვნას აქვეყნებს. როგორც ირკვევა, "სახელმწიფო ელექტროსისტემას" 2014 – 2017 წლებში 77 მილიონ ლარამდე ზარალი ჰქონდა და ამავე პერიოდში 12 მილიონ ლარზე მეტი დაუსაბუთებელი პრემია გასცა. 3 წლის განმავლობაში "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" უკანონო მშენებლობის გამო 25-ჯერ დაჯარიმდა.

აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილ სკანდალურ დასკვნაში კომპანიის თანამშრომლების როუმინგული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯებიც მოხვდა,  აუდიტის სამსახურის განცხადებით, ყურადღებას იქცევს 2014 წლის აგვისტოში კომპანიის ხელმძღვანელის როუმინგულ მომსახურებაში ხუთ დღეში გადახდილი 29 254 ლარი:

"2014-2017 წლებში როუმინგული მომსახურებისათვის ელექტროსისტემის მიერ გაწეული ხარჯი შეადგენს 227,199 ლარს. მათ შორის, მხოლოდ რეაბილიტაციის მმართველის როუმინგული მომსახურებისთვის ელექტროსისტემამ გადაიხადა 156,738 ლარი. ყურადღებას იქცევს 2014 წლის აგვისტოში რეაბილიტაციის მმართველის როუმინგულ მომსახურებაში, ხუთ დღეში გადახდილი 29,254 ლარი, რაც შეუსაბამოდ მაღალ, არაგონივრულ ხარჯს წარმოადგენს,"- წერია აუდიტის დასკვნაში.

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი

დღის ამბები