18 მაისი 2024,   13:33
ვრცლად
"ხელისუფლებას რომ მოუნდეს სასამართლო აღარ იყოს დამოუკიდებელი, ადვილად შეძლებს?"- მდინარაძის კითხვა მოსამართლეობის კანდიდატს

"ხვალ ხელისუფლებას რომ მოუნდეს, რომ სასამართლო აღარ იყოს დამოუკიდებელი და იყოს ისეთი, როგორიც იყო 2003-12 წლებში, ამას ადვილად შეძლებს?" – ეს კითხვა "ქართული ოცნების" წევრმა, მამუკა მდინარაძემ უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მაია ვაჩაძეს დაუსვა.

მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მიანიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს სასამართლო სისტემაზე ზეწოლა ხორციელდებოდა. 

"მე რატომ ვდგავარ აქ, იმიტომ რომ თქვენი ნებაა. მე მოქმედი მოსამართლე ვარ. თქვენ ორი კონვენციის დასკვნა გქონდათ გადანიშვნის შესახებ, გადამნიშნეთ? ხომ არ გადამნიშნეთ ბატონო მამუკა? რისი თქმა მინდა, იცით? აქ არის პოლიტიკური ნება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების. თუ თქვენ ეს გექნებათ, რა თქმა უნდა, დაიმორჩილებთ სასამართლოს, ისევე როგორც მე დღეს ვარ აქ და არ მაქვს სხვა არჩევანი,"- განაცხადა მაია ვაჩნაძემ. 

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებობს შესაბამისი კანონი, რათა ინსტიტუციები გაძლიერდეს და  დამოუკიდებლობის გარანტია მიიღოს. 

"თქვენ იმიტომ ხართ აქ, რომ შესაბამისი კანონია და ეს კანონი იმიტომ არის, რომ ინსტიტუცია გაძლიერდეს. დამოუკიდებლობის გარანტია მიიღოს და ხვალ ხელისუფლებას რომ მოუნდეს, ადვილად ვერ ქნას იგივე, რაც გააკეთეს 2003-12 წლებში," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეპუტატების კითხვებს მოსამართლეობის რიგით მე-6 მსურველი მაია ვაჩაძე პასუხობს. მაია ვაჩაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე 1999 წლიდანაა. ის განმეორებითი ვადით  უმაღლეს ინსტანციაში 10 წლის წინ აირჩიეს.

 

 

დღის ამბები