18 მაისი 2024,   15:30
ვრცლად
საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" ცქიტიშვილის უწყებას კორუფციულ გარიგებებსა და ნეპოტიზმში ადანაშაულებს

სექსისტური განცხადების შემდეგ მამუკა ხაზარაძე მაია ცქიტიშვილის უწყებას არსებულ კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს და ნეპოტიზმზეც მიუთითებს. "ლელოს" დამფუძნებელმა მედიის წარმომადგენლებს იმ კონკრეტული საქმეების შესახებ წარუდგინა ინფორმაცია, რომელშიც, მისივე მტკიცებით, დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" მხრიდან კონკრეტულ ფაქტებზეც ისაუბრა ქეთევან ენუქიძემ, რომელიც ეჭვს გამოთქვამს, რომ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც 2012-დან 2019 წლამდე ხორციელდება და მათი ჯამური რაოდენობა 253-ს შეადგენს, მხოლოდ და მხოლოდ 13 არის დასრულებული.  

მოძრაობა "ლელოს" წევრის განმარტებით, ეს მიანიშნებს იმას, რომ ძირითადად პროექტები ვადაგადაცილებით ხდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არავინ სახელმწიფოს მხრიდან კომპანიებს პასუხს არ სთხოვს. ენუქიძის განმარტებით, მას აქვს ეჭვი, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადაწყვეტილებების მიღება გარკვეული კორუფციული გარიგებების შედეგად ხდება, განსაკუთრებით კი გამარტივებული შესყიდვების წესით ტენდერებში გამარჯვება. თუმცა "კურიერის" კითხვაზე, აქვს თუ არა კონკრეტულად ეჭვი ვინმეზე, რომელიც ჩართულია კორუფციულ გარიგებებში, ქეთევან ენუქიძემ პასუხი ვერ გასცა. საზოგადოებრივ მოძრაობა "ლელოში" ამბობენ, რომ მათ მხოლოდ ეჭვები და ვარაუდი აქვთ და შესაბამისად, ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუწოდებენ, რომ აღნიშნული ფაქტებით დაინტერესდეს.

"კომპანია "როუტ პროჯექტი", რომელიც მონაწილეობდა მარტო 2 ტენდერში, მისი შემსყიდველი იყო სახელმწიფო სამშენებლო კომპანია, რომელიც ზარალიანი კომპანია აღმოჩნდა. ფიქსირდება 2 ტენდერში სოლიდური ვადაგადაცილება. მასთან დაკავშირებული პირები, მაგალითად, დღეს კომპანიის დირექტორი არის ვაჟა ფანჩულიძე, რომელიც 2015 წლის მონაცემებით საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანია, მისი მეუღლე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი. ხოლო 66%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ვაჟა ფანჩულიძემდე გახლდათ ირაკლი ნადარაია, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის ნოდარ ნადარაიას ძმა. აი, ამ მასალას ახლა მე თქვენ რაც წარმოგიდგინეთ, ჩვენ შევიტანთ პროკურატურაში და მათ გაარკვიონ. იმიტომ, რომ ახლა თქვენ მე მეკითხებით, გიპასუხოთ ისეთ კითხვაზე, რომელზეც უნდა გასცეს პასუხი პროკურატურამ," - აცხადებს ქეთევან ენუქიძე.

საზოგადოებრივ მოძრაობა "ლელოში" ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. "ლელოს" წარმომადგენელი აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაციას მთავარ პროკურატურას მიაწვდის. "ლელოში" იმედი აქვთ, რომ საგამოძიებო უწყება ამ ფაქტებით დაინტერესდება.

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი

დღის ამბები