18 მაისი 2024,   15:59
ვრცლად
სახელმწიფოს ქმედებები 20 ივნისის საქმის გამოძიების ფარგლებში კვლავ შერჩევითია - საერთაშორისო გამჭვირვალობა

20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია დემონსტრანტთა გარკვეული ჯგუფის მიერ გამოვლენილი ძალადობრივი ქმედებების გამო სახელმწიფომ არაპროპორციული პოლიციური ძალის გამოყენებით დაშალა.

"სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან ამ დრომდე გადადგმული ნაბიჯები არ აჩვენებს საქმის ყოველმხრივი და სამართლიანი გამოძიების სურვილს, უფრო მეტიც, საგამოძიებო მოქმედებები გაცილებით ინტენსიურია დემონსტრანტების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რაც შერჩევითი მიდგომის ნიშნებს ატარებს. სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ასევე არ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ განწყობებს. აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებული უახლესი კვლევის მიხედვით,  20 ივნისს მომხდარ მოვლენებზე გამოკითხულთა 43% პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს; 68% მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ აქციის დაშლის პროცესში ძალას გადაამეტა, ხოლო მათგან 71% თვლის, რომ მათ მიმართ, ვინც აქციის დაშლისას ძალას გადაამეტა, სათანადო ზომები არ გატარებულა,"- ნათქვამია ანგარიშში. 

დღემდე საზოგადოებას დამაჯერებელი პასუხები არ მიუღია და გამოძიებას არ გამოუკვეთია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის და წარსულში ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის როლი 20 ივნისის მოვლენებში. მედიით გავრცელდა კადრები, სადაც ანზორ ჩუბინიძე აქციის ღამეს ადგილზე იმყოფებოდა და სპეცრაზმელებს, სავარაუდოდ, უშუალოდ აძლევდა დავალებებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიხედვით მას იქ ყოფნის უფლებამოსილება ჰქონდა, დასადგენია, ხომ არ გასცდა მისი ქმედებები კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებს.

ორგანიზაციის ანგარიშში საუბარია მაშინდელი შს მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხზე.

"ასევე მნიშვნელოვანია, რომ დღემდე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აუღია იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, რაც ერთადერთი სწორი პასუხი იქნებოდა 20 ივნისის ღამეს პოლიციის არაპროპორციული ქმედებების გამო დამდგარ უმძიმეს შედეგებზე. ამის საპირისპიროდ, საპარლამენტო უმრავლესობამ 8 სექტემბერს მხარი დაუჭირა გიორგი გახარიას პრემიერ - მინისტრის თანამდებობაზე დაწინაურებას, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს დამდგარი შედეგის სიმძიმეს და შექმნილი კრიზისის მნიშვნელობას," - ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაციაში ასევე განმარტავენ, რომ მოყვანილი მაგალითები და სტატისტიკა შერჩევითი მიდგომის აღქმას აჩენს. გარკვეულ შემთხვევებში საგამოძიებო ორგანოების ქმედებები შესაძლოა სადამსჯელო შინაარსსაც ატარებდეს და სამომავლოდ აქციის მონაწილეების დაშინებისკენ იყოს მიმართული.

ანგარიშში საუბარია ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლის დევნაზეც. 

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისათვის ბრალი აქვთ ასევე წაყენებული ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ  ლიდერს და დეპუტატს - ნიკა მელიას და ასევე, ოპოზიციური პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს. 

"მიმდინარე მოვლენების ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან დღემდე გადადგმული ნაბიჯები, სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის ნაცვლად, დემონსტრანტების სამაგალითოდ დასჯის სურვილსა და სახელმწიფოს მხრიდან შერჩევით მიდგომაზე უფრო მიუთითებს. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან 20 ივნისის აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშლა, ამ პროცესში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები და პოლიციელების მხრიდან გამოვლენილი კანონდარღვევები, სხვა პრობლემებთან ერთად, მწვავე სისტემურ ხარვეზებს ააშკარავებს, აღნიშნული კი სახელმწიფოსგან სწრაფ და სამართლიან რეაგირებას მოითხოვს. სამართლიანი რეაგირების არარსებობის გამო ღრმავდება საზოგადოების უნდობლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და კიდევ უფრო მყარდება მისი პოლიტიკური გავლენების ქვეშ ყოფნის ეჭვები," - აცხადებენ გამჭვირვალობაში.

ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, გამოვლინდეს და პასუხისგებაში მიეცეს სამართალდამცავი უწყებების ყველა ის თანამშრომელი, ვინც დანაშაული ჩაიდინა. 

დღის ამბები