22 ნოემბერი 2024,   15:08
ვრცლად
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" შესაძლოა დაიხუროს - რა ბედი ელის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას

კონსორციუმი, რომლისთვისაც ასეულობით მილიონი დაიხარჯა, მათ შორის ბიუჯეტიდან, შესაძლოა დაიხუროს. "კურიერის" ინფორმაციით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანამშრომლებს ამის შესახებ უკვე აცნობეს.

მარჯანიშვილის ექვს ნომერში, სადაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ოფისია განთავსებული ადასტურებენ, რომ თანამშრომლების ნაწილი იქ უკვე აღარ მუშაობს. "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ კონსორციუმში ჩატარდა თათბირი, სადაც თანამშრომლებს ნოემბერში კომპანიის სავარაუდო დახურვის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. "კურიერის" ინფორმაციით, მომუშავე პერსონალს განცხადებების დაწერა სთხოვეს და კომპენსაციების გადახდასაც დაპირდნენ.

კონსორციუმში ჩატარებული თათბირის შესახებ ინფორმაციას არც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი უარყოფს. ლევან ახვლედიანი შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, მაგრამ ამტკიცებს, რომ მენეჯმენტის სიტყვები თანამშრომელთა ნაწილმა შესაძლოა არასწორად აღიქვა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე პასუხისმგებელი კონსორციუმის მუშაობა, რომ  შეფერხებულია ამას "ლელოს" წევრები და მამუკა ხაზარაძის პარტნიორებიც ადასტურებენ. ფიქრია ჩიხრაძემ "კურიერთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საკითხზე საუბარი მამუკა ხაზარაძესთან ჰქონდა. ჩიხრაძის განცხადებით კონსორციუმის ფუნქციონირება შეფერხებულია. იგივეს ამტკიცებს ანა ნაცვლიშვილიც.

კონსორციუმის შესაძლო დახურვას არ ადასტურებს მამუკა ხაზარაძე.

"15 რიცხვს ველოდებით, მუშაობა მიდის ჩვეულებრივი ტემპით, ყველა მუშაობს, ოფისშია ყველა,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების პირველი ფაზა 2017 წლის დეკემბრიდან დაიწყო. საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტად აღიარებულ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში კონსორციუმთან ერთად მონაწილეობას სახელმწიფო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიც იღებენ. ამ დროისთვის ანაკლიაში რკინიგზისთვის მიწების გამოსყიდვაში სახელმწიფოს მხრიდან 60 მილიონ ლარამდეა დახარჯული. მას შემდეგ კი რაც კონსორციუმი უმსხვილესმა ინვესტორმა "კონტი ჯგუფმა" დატოვა, კონსორციუმს ახალი ინვესტორების შემოსაყვანად ვადა 15 ოქტომბრამდე აქვს მიცემული. რა ბედი ელის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას და რას მოიმოქმედებს ხელისუფლება თუ კონსორციუმმა მუშაობა შეწყვიტა ამ დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.

დღის ამბები