17 მაისი 2024,   06:58
ვრცლად
მოსამართლეობის კანდიდატის ყველაზე ხმაურიანი მოსმენა - დეპუტატები 5 საათია შალვა თადუმაძეს შეკითხვებს უსვამენ

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, მოქმედი გენერალურ პროკურორის მოსმენა მიმდინარეობს. დეპუტატები შალვა თადუმაძეს უკვე 5 საათია შეკითხვებს უსვამენ. შეხვედრა სიტყვიერი დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ისევ თადუმაძის დიპლომია. ოპოზიციას გენერალური პროკურორის ვერსიის არ სჯერა და მას დოკუმენტის გაყალბებაში ადანაშაულებს. დიპლომის გარშემო დაწყებული კამათი ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის მწვავე დაპირისპირებაში და პოლიტიკურ ბრალდებებში გადაიზარდა. კიდევ ერთი თემა იყო ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა. შალვა თადუმაძემ დაადასტურა, რომ ხარვეზები იყო, პარლამენტისთვის თავდაპირველად წარდგენილ დოკუმენტში ევროსასამართლოს მიერ განხილული სამი საქმე არასწორად იყო დართული და ამ საქმეებს კავშირი მელიას ბრალდებასთან არ ჰქონდა.

ოპოზიციის განცხადებით, თადუმაძე დიპლომით თაღლითობს და საქართველოს უდიპლომო მთავარი პროკურორი ჰყავს. რომან გოცირიძე თადუმაძის ჯგუფელებს მოუწოდებს, რომ გამოჩნდნენ და ის მათ სახინკლეში დაპატიჟებს.

რომან გოცირიძემ ნიკა მელიას საკითხიც წამოჭრა და მთავარ პროკურორს ჰკითხა, აქვს თუ არა პროკურორს უფლება, რომ ნიკა მელიას უთხრას უარი პარლამენტში მოსვლაზე, რაზეც თადუმაძის პასუხი იყო, რომ პროკურორს ამის უფლება არ აქვს. გოცირიძის თქმით, თადუმაძე სასამართლო გადაწყვეტილებას არ იცნობს, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიას ნებისმიერ გადაადგილებას პროკურორთან შეთანხმება სჭირდება.

გიგა ბოკერიას შეკითხვა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას შეეხებოდა, მისი თქმით, ამ სიაში დღემდე არ არიან შეყვანილი ის პირები, რომლებიც გიგა ოთხოზორიას მკვლელობის კადრებში ჩანან. ბოკერია დაინტერესდა, რატომ ვერ მოიცალა საგამოძიებო უწყებამ ამ პირების დასადგენად.

დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციამ ასევე დეტალურად განიხილა შალვა თადუმაძის ქონებრივი მდგომარეობა და დეკლარაცია,  ოპოზიციის წევრებმა გენერალურ პროკურორს ჰკითხეს, როგორ შეისყიდა მან ბოლო პერიოდში საკმაოდ ძვირადღირებული უძრავი ქონება, როდესაც ამ ქონების ფასი მისი და მისი მეუღლის შემოსავლებს აღემატებოდა.

ოპოზიციის კითხვები ასევე შეეხებოდა 20 ივნისის აქციებს. "ევროპულ საქართველოს" აინტერესებდა, რატომ არ აქვს დაზარალებულის სტატუსი აქციაში მონაწილე კონკრეტულ პირს, რომელმაც თვალი დაკარგა. გენპროკურორმა დღეს განაცხადა, რომ მისთვის, როგორც იურისტისთვის, არაფერს ამბობს ფაქტი, რომ დაზარალებულად ცნობილი 67 პოლიციელი და მხოლოდ 4 მოქალაქეა. მისი განცხადებით, საგამოძიებო ორგანოს მისივე თანამშრომლების იდენტიფიკაცია გაუჭირდა.

დღის ამბები