17 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
"ბიუჯეტის ზრდის ძირითადი წყარო არის ვალი" - ოპოზიცია 2020 წლის ბიუჯეტით უკმაყოფილოა

2020 წლის ბიუჯეტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში კვლავ გრძელდება. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი და საპარლამენტო უმრავლესობა განიხილავს. ოპოზიცია 2020 წლის ბიუჯეტით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ ის სოციალურ გამოწვევებს არ პასუხობს, განსხვავებული პოზიცია აქვთ უმრავლესობაში.

"ბიუჯეტი ისეთივე შეცდომებს იმეორებს, რაც ჰქონდა მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის 2019 წელს.  არის უამრავი უსარგებლო ხარჯი და რაც მთავარია კიდევ უფრო მეტად იზრდება და ამ ზრდის ძირითადი წყარო არის ვალი, 900 მილიონით ზრდიან ქვეყნის საშინაო ვალს. 1.8 მილიარდით ზრდიან საგარეო ვალს,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.

ევროპული საქართველოს წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, "ოცნება" თავისი დაგეგმილი ბიუჯეტით კიდევ უფრო აღრმავებს იმ პრობლემებს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში არსებობს:

"მკაფიოდ ჩანს, რომ მთავრობას საერთოდ არ აქვს გაცნობიერებული რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის სიღარიბე, გაჭირვება, უმუშევრობა და ფასების ზრდა. პრობლემა, რომელიც ქართულმა ოცნებამ არათუ გადაჭრა განვლილი შვიდი წლის განმავლობაში, არამედ თავისი არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით და ასე უყაირათოდ დაგეგმილი ბიუჯეტით თვითონვე გააღრმავა და ეს 2020 წლის ბიუჯეტშიც მკაფიოდ ჩანს,"- აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

უმრავლესობის წევრის რომან კაკულიას შეფასებით, სხვადასხვა სექტორებში არსებობს გამოწვევები, თუმცა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წინასწარი განწყობაა, რომ ბიუჯეტს მხარი დაუჭიროს

"მხარს ვუჭერთ იმ ტენდენციას, რომ ამ ეტაპზე მოხდა წინა მხარეს იმ ადამიანების პრობლემების მოგვარების წამოწევა, რომლებიც გარკვეულ წინა ხაზზე შემხებლობაში არიან საზოგადოებასთან. იმიტომ რომ დაფიქსირდა პრობლემის მნიშვნელობა. გასაგებია, რომ სხვადასხვა სექტორებში არსებობს გამოწვევები, რომლებიც ყველაფერი ერთად ვერ გვარდება, მაგრამ წინასწარი განწყობა კომიტეტის არის, რომ ბიუჯეტის ამ სულისკვეთებას მხარი დაუჭიროს,"- განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ.

დღის ამბები