17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
"ვფიქრობ, პოზიტიურ ტენდენციას შევინარჩუნებთ... უკვე ძალიან კარგია, რომ სასულიერო პირების დაშვება ხდება" - თალაკვაძე დავით გარეჯზე

დავით გარეჯის საკითხზე საუბარი საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში მოუწევს. დავით ზალკალიანს საკანონმდებლო ორგანოში პატრიოტთა ალიანსი ინტერპელაციის წესით იბარებს. თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძის განცხადებით დავით გარეჯის თემაზე აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები გრძელდება.

"ხაზგასმით გამოვყოფდი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სამუშაო ვიზიტს აზერბაიჯანში, რომელსაც კონკრეტული შედეგი აქვს, როგორც იკვეთება და ვფიქრობ ამ პოზიტიურ ტენდენციას შევინარჩუნებთ და საბოლოოდ მივაღწევთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს ამ თემაზე. უკვე ძალიან კარგია, რომ სასულიერო პირების დაშვება ხდება ამ მომენტიდან დავით გარეჯის კომპლექსში,"-განაცხადა არჩილ; თალაკვაძემ.

პოზიტიური იმპულსების შენარჩუნების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის ვიცე-სპიკერმაც:

"ჩვენ გვრჩება პრობლემა დავით გარეჯთან და საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით, შემდგომი ნაბიჯები არის აუცილებლად გადასადგმელი, ამ ეტაპზე მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ისეთი ღონისძიებები არ განხორციელდეს რომელიც ესკალაციისა და გართულებისკენ იქნება მიმართული. ფაქტია, რომ პოზიტიური იმპულსები და შეთანხმებისკენ გადადგმული ნაბიჯები არის, ეს ნაბიჯები გამოვიყენოთ სწორად და დავგეგმოთ შემდეგი კონსტრუქციული ნაბიჯები,"- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

დღის ამბები