13 მაისი 2024,   05:43
ვრცლად
ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ შალვა თადუმაძის დიპლომი სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, მოქმედი გენერალური პროკურორის დიპლომის ნამდვილობის საკითხი კვლავ მნიშვნელოვან თემად რჩება.  ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ შალვა თადუმაძის დიპლომი სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს.

"ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ ყალბდიპლომიანი თავმჯდომარე, უზენაეს სასამართლოში ცვლილებების მიზეზი გახდება.

"აპირებენ რომ თადუმაძე იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მოვა დრო როდესაც თადუმაძის ყალბი დიპლომი იქნება ლეგიტიმური საფუძველი ცვლილებებისა მომავალ უზენაეს სასამართლოში," - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის თქმით თადუმაძის დიპლომის ირგვლივ განვითარებული მოვლენები სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი შეიძლება გახდეს, როგორც დოკუმენტის გამცემი დაწესებულების, ასევე იმ ადამიანის მიმართაც, რომელმაც გაყალბებული დიპლომი წარმოადგინა.

"ეს უკვე შეიძლება გახდეს სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი, ჯერ ერთი იმათი ვინც გააყალბეს დიპლომი და ეს ეხება უნივერსიტეტსაც და თავს არიდებს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა კომენტარს. როგორც უნივერსიტეტი შეიძლება იყოს დამნაშავე ასევე ის ადამიანი, რომელმაც გაყალბებული დიპლომი წარმოადგინა," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები