13 მაისი 2024,   13:13
ვრცლად
"არ გადასცე რუსი ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი რუსეთს" - საპროტესტო აქცია თეა წულუკიანის წინააღმდეგ

"არ გადასცე რუსი ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი რუსეთს" - იუსტიციის სამინისტროსთან ამ მოთხოვნით აქცია იმართება. შეკრებილები ფიქრობენ, რომ რუსი ჰაკერი, რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდება. თეა წულუკიანის წინააღმდეგ გამართულ აქციას, რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის ადვოკატის გარდა, სხვადასხვა უფლებადამცველებიც შეუერთდნენ.

იაროსლავ სუმბაევი თითქმის ერთი წელია, რაც გლდანის ციხეში იმყოფება. მისი ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა რუსეთს უკვე დაყენებული აქვს და ორმა სასამართლო ინსტანციამ ამ მოთხოვნაზე თანხმობა უკვე განაცხადა. სწორედ ის პროცედურები, რომლებიც უნდა მოჰყვეს სასამართლოს გადაწყვეტილებას, გახდა იმ ადამიანების პროტესტის საგანი, რომლებიც იუსტიციის სამინისტროსთან იმყოფებიან. 

ქციაზე შეკრებილები აცხდებენ, რომ იუსტიციის სამინისტრომ რუსი ჰაკერის რუსეთში ექსტრადირება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას, რადგანაც მათი თქმით, სუმბაევის უფლებები რუსეთში აუცილებლად დაიღრღვევა. აქციის მონაწილები ამბობენ, რომ რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში შესაძლოა რუსი ჰაკერი წამების მსხვერპლი გახდეს.

ვიდრე საკითხზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას, მანამდე საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა განიხილოს. სუმბაევის ადვოკატი ირწმუნება, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი უკვე წარმოებაშია მიღებული და სწორედ ამ დრომდე, ვიდრე მისი განხილვა დასრულდება, პროცედურების შეჩერებას მოითხოვენ.

"სტრასბურგს მივმართეთ დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც ჩაგვბარდა ქალბატონი წულუკიანის ბრძანება. ეს მოხდა 15 ოქტომბერს და მოგეხსენებათ სტრასბურგის სასამართლოს გარკვეული დრო სჭირდება ამ საკითხზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე და დაუშვებელია პირის ექსტრადიცია რუსეთის ფედერაციაში, სანამ სტრასბურგი არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. რუსეთის თავად მოთხოვნა არის უკანონო იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიციის შესახებ, ვინაიდან რეალურად რუსეთი ამ ადამიანს ედავება გამომძიებლის მკვლელობას რუსეთში მაშინ, როდესაც იმ მკვლელობის პერიოდში ადამიანი იმყოფებოდა საქართველოში ფიზიკურად და მიუხედავად ამისა საქართველოს ხელისუფლება არ აქცევს ამას ყურადღებას და აპირებენ მის ექსტრადიციას. გარდა ამისა რუსეთში მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები," - განაცხადა იაროსლავ სუმბაევის ადვოკატმა, ივანე ნორაკიძემ.

იაროსლავ სუმბაევი, რომელიც ინტერპოლის მიერ იყო ძებნილი, თბილისში 2018 წლის ნოემბერში დააკავეს და მას რუსული გამოძიება სხვადასხვა ტიპის დანაშაულს ედავება, რაც თაღლითურ ჯგუფში ჩართულობას ეხება. მათ შორის ტურისტული კომპანიების სახელით რკინიგზის ბილეთების გაყალბებას და აქედან თანხების მიღებას, ბანკომატებიდან თანხების უკანონოდ მოხსნას, თუმცა,  ამ საქმეში არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც უკვე პოლიტიკური ქვეტექსტის მატარებელია. რუსეთის ფედერაცია ერთ-ერთი გამომძიებლის მკვლელობის საქმეს იძიებს. ევგენია შიშკინა 2018 წლის ოქტომბერში მოკლეს. როგორც ცნობილია, მოკლული გამომძიებელი ზუსტად ჰაკერი სუმბაევის საქმეს იძიებდა და აქედან გამომდინარე ის რუსეთში ერთ-ერთ ეჭვმიტანილად მიიჩნევა.

დღის ამბები