12 მაისი 2024,   19:18
ვრცლად
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" სახელმწიფო თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" სახელმწიფო თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები იმავე უწყებაში ან მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში ან მის საქვეუწყებო დაწესებულებებში არიან დასაქმებულნი.

შემთხვევების უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამოვლინდა, თუმცა, მსგავსი ფაქტები ცენტრალურ ხელისუფლებასა და სასამართლო სისტემაშიც გვხვდება. ორგანიზაციაში ყურადღებას ამახვილებენ ისეთ ფაქტებზე, როდესაც თანამდებობაზე დანიშვნის დროს თანამდებობის პირის ოჯახის წევრი საჯარო სამსახურში არ მუშაობდა. კვლევაში 40-ზე მეტი საყურადღებო შემთხვევაზეა საუბარი, რომელიც შესაძლოა ნეპოტიზმისა და ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს შეიცავდეს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი მიიჩნევს, რომ მისი შვილის კარიერა არ უნდა იყოს შეზღუდული იმის გამო, რომ თავად ხანიშვილი სადმე მუშაობს.

"მე ვარ პრაქტიკულად ჩემი ცხოვრების მანძილზე მუდმივად რომელიღაცა თანამდებობაზე ამიტომ ჩემი შვილის კარიერა იმის გამო, რომ მე სადმე ვმუშაობ არ უნდა იყოს შეზღუდული. თუ კომპეტენციაში, ცოდნაში, განათლებაში რაიმე აკლია ჩემს შვილს შეგვიძლია ვიმსჯელოთ. თუ არა ვფიქრობ ნებისმიერი საჯარო და არასაჯარო სამართლის იურიდიული პირი ისურვებდა ისეთი სპეციალისტის დასაქმებას, როგორიც არის თამარ ხანიშვილი," - აცხადებს გიორგი ხანიშვილი.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე საჯარო სამსახურში არ მუშაობს და მისი ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტთან არანაირი კავშირი არ აქვს.

"ჩემი მეუღლე საჯარო სამსახურში არ მუშაობს, მისი სახელფასო განაკვეთი აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული სახელმწიფო ბიუჯეტთან. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ის არ ღებულობს არც ერთ თეთრს. მუშაობის უფლება აქვს ყველას," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

კახა კუჭავაც იმავე პოზიციაზეა. მისი განცხადებით, მისი მეუღლეს განათლება და კვალიფიკაცია არ აკლია, შესაბამისად ის მაღალანაზღაურებად სამსახურში მუშაობს.

"გამოცდილება აქვს დიდ ხნიანი და შესაბამისად პრობლემა არა აქვს სამსახურში, ახლაც არაჩვეულებრივად მაღალ ანაზღაურებად სამსახურში მუშაობს იმიტომ, რომ განათლება აქვს შესაბამისი და კვალიფიკაციაც," - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა.

დღის ამბები