19 ივნისი 2024,   01:31
ვრცლად
გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგებს ებრძვიან - როდის შეძლებენ დაზარალებულები სახლებში დაბრუნებას კვლავ უცნობია

ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის შეძლებენ სახლებში დაბრუნებას, გურამიშვილის გამზირზე, აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები. ისინი იმ დასკვნას ელოდებიან, რომლითაც გაირკვევა რამდენად მდგრადი და უსაფრთხოა კორპუსი საცხოვრებლად. უკვე მესამე დღეა ადგილობრივებს მაშველების დახმარებით საცხოვრებელი სახლებიდან პირველადი მოხმარების ნივთები გამოაქვთ. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია რამდენიმე სხვადასხვა სამაშველო და მუნიციპალური სამსახური.


ადგილზე შეკრებილია დაზარალებულთა ნაწილიც, რომლებიც საკუთარ ბინებში შესვლას და პირადი მოხმარების ნივთების გამოტანას ელოდებიან.

რაც შეეხება კორპუსის მდგრადობას, როგორც შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა "კურიერს" განუცხადა, ამ ეტაპისთვის შიდა ნაწილის გასუფთავების პროცესი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, სპეციალისტები და ექსპერტები ამის შემდეგ შეძლებენ შესვლას კორპუსში, ადგილზე დაათვალიერებენ დაზიანებებს და შეისწავლიან ვითარებას. დაახლოებით ერთ კვირაში კი იქნება დასკვნა, რომლის მიხედვითაც კორპუსის გამაგრებით და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

"პირადად შევდივარ დღეს პირველად და მაქვს იმედი, რომ შეგვიშვებენ და გვაქვს იმედი საერთოდაც, რომ ეს იმდენად ძლიერი კორპუსი იყო როგორც ამბობენ, რომ რაღაცნაირად მოვახერხებთ და ისევე შევა ექსპლუატაციაში და დავბრუნდებით ჩვენს სახლში იმიტომ, რომ ძალიან რთულია," - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

მერიის საპროექტო სამსახურის უფროსის განცხადებით, დაზარალებულებს კორპუსში შესვლა იმ მიზნით შეეზღუდათ, რომ სამშენებლო კომპანიას დაზიანებული ფრაგმენტების გასათავისუფლებლად დრო მიეცეს.

"მიმდინარეობს კვანძების გახსნა, რომ მოახერხონ ექსპერტებმა ზუსტად შეაფასონ ის სიტუაცია თუ რა მდგომარეობაშია ლოკალურად დაზიანებული ადგილები და მოგვცენ ის გადაწყვეტილება თუ რა გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს მისი აღდგენა. მოსახლეობას რაც შეეხება, მოსახლეობას შევუზღუდეთ შესვლა გამომდინარე იქიდან, რომ სამშენებლო კომპანიას მიეცეს დრო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში გაათავისუფლოს ეს დაზიანებული ფრაგმენტები," - განაცხადა დავით დოღონაძემ.

ზუსტი დრო თუ როდის დაუბრუნდებიან საკუთარ საცხოვრებელ სახლებს დაზარალებულები ჯერჯერობით უცნობია, პროცესი შესაძლოა რამდენიმე თვე გაგრძელდეს.

დღის ამბები