უკვე მერვე დღეა ვერ ხერხდება დაკარგული 63-ი წლის მამაკაცის პოვნა.
თამაზ აივაზოვს საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრში კუჭის ოპერაცია გაუკეთეს, სამ დღეში კი პაციენტი პალატიდან გაუჩინარდა. საქმეში ჩართულია პოლიცია. აივაზოვის ოჯახი კლინიკის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და იმ შემთხვევაში თუ დაკარგული მამაკაცი უახლოეს პერიოდში არ გამოჩნდა - საავადმყოფოს დაცვის წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ. საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრში მომხდართან დაკავშირებით კომენტარზე უარს ამბობენ.
"პაციენტი გაიპარა, ხელში ედგა კათეტერი, ვერ ვპოულობთ... ექიმმაც თქვა, შევედიო და იქ აღარ იყოო. დაცვას ვუთხარი სად წავიდა მეთქი და არ ვიციო..."- აცხადებს დაკარგული მამაკაცის ნათესავი, მათი თქმით, თუ უახლოეს მომავალში მამაკაცის პოვნა ვერ მოხერხდა ისინი კლინიკას უჩივლებენ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.