29 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმები გაიფიცნენ - მედპერსონალი ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვს

ჩამონგრეული კედლები, ძველი ინვენტარი, აუღებელი ხელფასი - ონკოლოგიური საავადმყოფოს მედპერსონალი ისევ გაიფიცა. ექიმების ინფორმაციით, საავადმყოფო სავალალო მდგომარეობაშია.

ექიმები 7 თვის აუღებელი ხელფასების მიღებასა და კლინიკის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ითხოვენ. მედიკოსთა პროტესტის ადრესატი ჯანდაცვის სამინისტრო და საპარტნიორო ფონდია, რომლის ბალანსზეც ონკოლოგიური საავადმყოფო ირიცხება.

"პრობლემა არის რომ სახელმწიფო დაწესებულება არ ვითარდება. საჭიროა ონკოლოგიურ საავადმყოფოში ინვესტიციები განხორციელდეს. მაგრამ არაფერი არ ხორციელდება და არც არაფრის იმედი არ გვაქვს,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა მედიკოსმა.

"რაღაცნაირად უნდა მოგვარდეს ჩვენი საკითხი, ამის გაგრძელება არ შეიძლება. ეს არის ერთადერთი რეფერალური ონკოლოგიური კლინიკა, სადაც მიუხედავად ყველაფრისა მართლა მოდიან ავადმყოფები და ჩვენგან დახმარებას ელიან, მაგრამ ჩვენი რესურსი თანამედეროვე მოთხოვნებს აღარ შეეფერება,“ - განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა ექიმმა.

მას შემდეგ, რაც ონკოლოგიური კლინიკის ექიმებმა პირველი საპროტესტო აქცია გამართეს, კლინიკის დირექტორი გავიდა უხელფასო შვებულებაში და ის „კურიერის“ სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობს. კლინიკის ადმინისტრაციის მთავარი ექიმის განცხადებით კი კლინიკა ელოდება ჯანდაცვის სამინისტროდან თანხის ჩარიცხვას და შემდეგ დაიფარება დავალიანება.როგორც კლინიკის მთავარი ექიმი აცხადებს, მან ექიმებს ვადა თვის ბოლომდე სთხოვა.

"ამ ეტაპზე ველოდებით თანხის ჩარიცხვას ჯანდაცვის სამინისტროდან, ხელი მოწერილია აქტებზე  და შემდგომ ჩარიცხვა განხორციელდება. პარასკევს მქონდა სამედიცინო ნაწილთან შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ყველა დამეთანხმება ამაზე და ვუთხარი ერთი რაღაც, რომ მაცადონ თვის ბოლომდე,“ - აღნიშნა მთავარმა ექიმმა.

გარდა ამისა, ექიმები აცხადებენ, რომ თუ თვის ბოლომდე თანხა არ ჩაირიცხა, ისინი აქციას ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართავენ.

შეგახსენებთ, დღეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ონკოლოგიური კლინიკის ექიმები გაიფიცნენ. რამდენიმე კვირის წინ ექიმებს ზუსტად იგივე მოთხოვნები ჰქონდათ ხელისუფლებასთან. საკითხის მოკვლევის აუცილებლობაზე საუბრობდნენ ჯანდაცვის სამინისტროშიც. მათი განცხადებით, ხელფასების გაცემის თაობაზე მედპერსონალს დამატებითი კონსულტაციები საპარტნიორო ფონდთან ექნებოდა. რაც შეეხება კლინიკის დირექტორს, მამუკა გელოვანს, ის თანამშრომლების პრეტენზიებს ამ დრომდე არ იზიარებდა. მისი ინფორმაციით, პერსონალს მხოლოდ მარტის თვის ანაზღაურება ჰქონდა ასაღები, თანხის ჩარიცხვა კი მათთვის ეტაპობრივად განხორციელდებოდა.

 

დღის ამბები