18 მაისი 2024,   19:16
ვრცლად
" ლაჩარი, ხელის ბიჭი, მედროვე მათიკაშვილი... არ შემაწყვეტინო, თორემ მაგალითები წინ გაქვს, შენ უარესი არ დაგემართოს" - დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს უსმენენ, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია და და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მოსამართლეობის კანდიდატის მიმართ ეკა ბესელიას სიტყვებს მოჰყვა, როდესაც ბესელიამ სილაგაძეს ჯალათი, არაჰუმანური და არაკომპეტენტური უწოდა, რა დროსაც საუბარში მათიკაშვილი ჩაერთო და დეპუტატს კორექტულობისკენ მოუწოდა.

"არ შემაწვეტინო ახლა სიტყვა, ხელს ნუ მიშლი, თუ გინდა სხდომა გააგრძელო, თორემ მაგალითები გაქვთ წინ. უარესი არ დაგემართოს შენ პირადად. არ შემაწყვეტინოთ სიტყვა. ნუ მიკაკუნებ იმ კალამს. დათო ნუ მიშლი ხელს," - მიმართა ბესელიამ მათიკაშვილს.

თავის მხრივ მათიკაშვილმა ბესელიას ისევ კორექტულობისკენ მოუწოდა და მიმართა - "სახეს ნუ გამოაჩენდა".

"დათო შენ ხარ ამ "კლანის" ლობისტი და მათი ხელის ბიჭი, ეს ჩვენ უკვე ვიცით და ახლა გაფრთხილებ სიტყვა დამასრულებინე. სიტყვას დავასრულებ და შენთვის მოვიცლი. კიდევ ერთხელ გამორთავ მიკროფონს და დანარჩენს მერე ნახავ," - განაცხადა ბესელიამ.

ამის შემდეგ მათიკაშვილმა კიდევ რამდენჯერმე მოუწოდა ბესელიას, თავი შეეკავებინა და აღნიშნა, რომ "თუ თავის შეკავება არ შეეძლო", დარბაზი დაეტოვებინა, რაზეც ბესელიამ აღნიშნა, რომ - "ამ სიამოვნებას ვერ მიანიჭებდა".

"სინდისი, რომ გაგაჩნდეს, შენ უნდა დატოვო ეს ადგილი. მხდალი, ლაჩარი და ყველაფრის მკადრებელი, მედროვე მათიკაშვილი," - განაცხადა ბესელიამ.

სხდომა ამ წუთებშიც რეპლიკების და ურთიერთშელაპარაკების ფონზე მიმდინარეობს.

დღის ამბები