18 მაისი 2024,   21:08
ვრცლად
"მე საერთოდ ნუ მიყურებთ, თუ გინდათ ასე ავიფარებ და ვერ დამინახავთ" - გოგიჩაიშვილის შეკითხვებს პაატა სილაგაძემ პასუხი არ გასცა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის პაატა სილაგაძის მოსმენისას კანდიდატმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა. გოგიჩაიშვილმა სილაგაძეს ჰკითხა დაეზუსტებინა, როგორ მოხვდა იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ ათკაციან სიაში.

"თქვენც ვერ იქნებით ჩემს მიმართ ობიექტური, თქვენი სისხლის სამართლის საქმეც მაქვს განხილული," - მიმართა სილაგაძემ გოგიჩაიშვილს.

გოგიჩაიშვილის თქმით, მას ეს არ ახსოვდა, თუმცა შეკითხვებს არა პიროვნულად, არამედ საზოგადოების სახელით სვამს.

"მე საერთოდ ნუ მიყურებთ, თუ გინდათ ასე ავიფარებ და ვერ დამინახავთ," - მიმართა გოგიჩაიშვილმა მოსამართლეობის კანდიდატს.

"როგორ მოხვდით 10-კაციან სიაში? როგორ მოხვდით 10-კაციან სიაში?  15 წუთის განმავლობაში ამ შეკითხვას დავსვამ, პასუხის არგაცემაც ხო პასუხია.... მაშინ გააძევეთ... ბატონო პაატა, როგორ ხდებოდა, რომ თქვენ სტატისტიკაში არ გაგაჩნიათ 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე გამამართლებელი განაჩენი და შემდგომ გაქვთ დაახლოებით 22...  ჰომოსაპიენსი ხართ ბატონო პაატა? მოგწონთ ახლა თქვენი თავი? თუ გინდათ სარკეს შემოგიტანთ,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დავით მათიკაშვილის შენიშვნაზე დაასრულა თუ არა მან შეკითხვების დასმა, გოგიჩაიშვილმა უპასუხა, რომ მისთვის განკუთვნილ 15 წუთში ის შეკითხვების დასმას გააგრძელებდა, მიუხედავად იმისა, პაატა სილაგაძე გასცემდა თუ არა პასუხს.

საბოლოოდ, უმრავლესობის წევრმა გიორგი გაჩეჩილაძემ სილაგაძეს მოუწოდა, რომ ან პასუხი გაეცა დეპუტატისთვის, ან პროტესტის ნიშნად დაეტოვებინა დარბაზი, რადგან დეპუტატების ამ ნიშნით განსხვავება მიუღებელი იყო.

გოგიჩაიშვილმა კოლეგებს და სხდომის წამყვან დავით მათიკაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ ისინი უხერხულობას უნდა განიცდიდნენ იმის გამო, რომ მოსამართლეობის კანდიდატი ამ ქცევით დეპუტატს და პარლამენტს აყენებდა შეურაცხყოფას:

"ბატონ დავითს ვეუბნები, მე თქვენ ადგილას იცით რას ვიზამდი? მანდატურს ვეტყოდი, მოკიდეთ ბატონ პაატას ხელი და გააგდეთ ამ ოთახიდანო. მე ვიცავ პარლამენტის ღირსებას და მოგიწოდებთ ბატონი პაატა გააძევოთ, იმიტომ, რომ ის პატივს არ სცემს არა ლევან გოგიჩაიშვილს, არამედ პარლამენტის წევრს,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მათიკაშვილის თქმით, მოსამართლეობის კანდიდატებს აქვთ უფლება პასუხისგან თავი შეიკავონ.

დღის ამბები