18 მაისი 2024,   20:30
ვრცლად
ყოფილი თანამშრომლის სკანდალური ბრალდებები პროკურატურის მიმართ - არასამთავრობო ორგანიზაციები ეფექტიან რეაგირებას ითხოვენ

ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებზე მთავარი პროკურატურა დუმს. უცნობია დაიწყება თუ არა გამოძიება სალომე ადეიშვილის საჯარო განცხადებაზე. ქალმა, რომელმაც საგამოძიებო უწყების მაღალჩინოსნები არაერთ დანაშაულში ამხილა, საქართველო დატოვა და ის შესაძლო კორუფციაზე, ნეპოტიზმის ფაქტებსა და გენდერული ნიშნით დევნაზე რეაგირებას უკვე სხვა ქვეყნიდან ითხოვს. მას სოლიდარობას უცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და შესაბამის უწყებებს ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

"მე იმედს გამოვთქვამ, რომ გენერალური პროკურატურა ამ პოსტით დაინტერესდება და გადაამოწმებს მასში მითითებული თითოეული საკითხის რეალობას და მოახდენს შესაბამის რეაგირებას. მე ვიცნობ სალომე ადეიშვილს, ის პროკურატურის სისტემაში მოვიდა 2013 წელს სტაჟირებით და ერთ-ერთი რეკომენდატორი მისი დანიშვნის მე ვიყავი, კონკრეტული ფაქტის შესახებ ჩემთვის ცნობილი არაა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული საკითხები, რაზეც ის საუბრობს, შეიძლება იდგეს ეს პრობლემა,"- განაცხადა "სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელმა გიორგი გაბოძემ.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის სულხან სალაძის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ ყოფილი პროკურორის მიერ დაწერილი სტატუსი ხელისუფლების მხრიდან სერიოზული შესწავლის საგანი გახდება:

"ნაწილი ამ პოსტიდან ალბათ სიახლე არ ყოფილა, იმ ადამიანებს, ვისაც შეხება აქვთ პროკურატურასთან და სასამართლო სისტემასთან, ჩვენ გვინახავს და გაგვიგია იგივე ადვოკატებისგან საუბარი, როგორ შეიძლება საქმეების მოგვარება და სასურველი გადაწყვეტილების მიღება პროკურატურის სისტემის შიგნიდან. ამ პოსტში არის სხვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მითითებები, რაზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება და გახდეს დისკუსიისა და შესწავლის საგანი. მაგრამ არ მაქვს ამის მოლოდინი," - აღნიშნა სალაძემ.

ქალთა მოძრაობის დამფუძნებელი, კავშირ "საფარის" აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ  აუცილებელია ამ საკითხზე სერიოზული მსჯელობის დაწყება, სტატუსში მოყვანილი ზოგიერთი თემით კი გენინსპექცია უნდა დაინტერესდეს:

"ამ პრობლემაზე უნდა დაიწყოს სერიოზული მსჯელობა როგორც სისტემის შიგნით, ისე სისტემის გარეთ. რაც შეეხება კონკრეტულ მოვლენებს, როგორიც იყო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული საკითხები, მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია გენინსპექციამ დაიწყოს ამ ინფორმაციის მოძიება," - განაცხადა პატარაიამ.

დღის ამბები