18 მაისი 2024,   19:44
ვრცლად
ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმების აქციაზე ჯანდაცვის მინისტრი მივიდა

როგორ გადაწყდება ონკოლოგიური საავადმყოფოს ბედი - მედპერსონალს პრობლემების მოგვარებას პროფესიული კავშირი ჰპირდება.

მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტის, ირაკლი ამირანაშვილის ცნობით, ახალი საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება, ჯგუფში კი ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი და ერთობლივად იმსჯელებენ იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც ონკოლოგიურ საავადმყოფოშია.

"საინიციატივო ჯგუფთან ერთად ჩამოვწერთ იმ მოთხოვნებს, შემდეგ ეტაპობრივად გავივლით და გავარკვევთ თუ ვისთან შეიძლება მივაღწიოთ იმ შედეგს, რაც მათ აწუხებთ, ეს არის საპარტნიორო ფონდი თუ ჯანდაცვის სამინისტრო. მოთხოვნა არის, რომ შენარჩუნდეს ეს შენობა თავისი პროფილით, აგრეთვე დავალიანებაა ხელფასებთან დაკავშირებით," - განაცხადა ირაკლი ამირანაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ აქციას პირველი შედეგიც ჰქონდა და ექიმების მოთხოვნების გასაცნობად ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მივიდა. შეხვედრა, დაახლოებით, 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც მინისტრმა განაცხადა, შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, სადაც ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი და ამ პრობლემებზე საინიციატივო ჯგუფის ფარგლებში იმსჯელებენ.

"შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, მათგან წარმოდგენილია 10 წევრი, ასევე წარმოდგენილია მათი პროფკავშირებიდან ხელმძღვანელი. ჩვენი მხრიდანაც შეიქმნა საბჭო, ხვალიდან დავიწყებთ კონკრეტულ გეგმებზე მუშაობას და ასევე განხილული იქნება მათ სახელფასო ანაზღაურებებს როდის გადავიხდით და ეს აყვანილი იქნება ჩემი და ჩემი მოადგილის პირადი კონტროლის ქვეშ. შენობა არის საპარტიორო ფონდის სახელზე. ჯანდაცვის სამინისტრო არ იყო ჩართული მართვაში, ეს ყოველივე იყო საპარტნიორო ფონდის მმართველობის ქვეშ. ჯანდაცვის სფერო საჭიროებს სპეციალურ მმართველობას და მკვეთრად გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ ჩვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია," - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ონკოლოგიური საავადმყოდოს ექიმები ამბობენ, რომ ხვალ გაიმართება პირველი შეხვედრა საინიციატივო ჯგუფის ფარგლებში და თუ ამ ჯგუფის ფარგლებში მათი პრობლემები ვერ გადაწყდება, მაშინ აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

დღის ამბები