18 მაისი 2024,   19:43
ვრცლად
ორპარტიული აქტით ქვეყნებს შორის ურთიერთობები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უნდა გაძლიერდეს

ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური დღის წესრიგი და საქართველოს პოზიცია - ორპარტიული აქტით ქვეყნებს შორის ურთიერთობები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უნდა გაძლიერდეს. დოკუმენტის მხარდამჭერები ასევე გამოდიან ინიციატივით, რომ თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდეს.

როგორც ექსპერტებმა განაცხადეს, ამ დოკუმენტში სრულად არის ასახული ყველა ის გამოწვევა, რომელიც აქტუალურია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპაციის თემა და ის საკითხი, რომ კონკრეტული სანქციები დაუწესდება ყველა იმ პირს, ვინც უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

"ალექსანდრე რონდელის ფონდის" უფროსი ანალიტიკოსი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმას, რომ სანქციები კერძოდ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზეც წესდება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა და გაავრცელა, მათ შორის გადასცა შეერთებულ შტატებსაც.

"ეს სანქციები იქნება ყოველ 6 თვეში შემოწმებული, რამდენად სრულდება და ა.შ. ანუ გააკონტროლებს შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებები," - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეს განცხადებით, როდესაც საქართველოში გვაქვს არაფორმალური მმართველობა, ამ პირობებში ძალიან ძნელია მივიღოთ მხარდამჭერი აქტისგან მაქსიმალური სარგებელი.

"იმ პირობებში, როდესაც საქართველოში გვაქვს არაფორმალური მმართველობა, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამერიკის სახელმწიფო მდივანი საჯაროდ შენიშვნებს აძლევს დემოკრატიასთან, სიტყვის თავისუფლებასთან, სასამართლო თავისუფლებასთან მიმართებაში, ძნელი არის, რომ მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ ჩვენ იმითი, რასაც ეს საკანონმდებლო აქტი გვაძლევს იმიტომ, რომ ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი ნიშნულის მხარდაჭერა, მაგრამ ამას სჭირდება გამოყენება," - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში აღნიშნავს, რომ აქტში პირდაპირ არის მითითებული ის, რომ ოკუპაცია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს, არის უკანონო და ყველა მხარემ უნდა შეასრულოს ის გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე მშვიდობის აღდგენასთან დაკავშირებით იქნა მიღწეული.

"ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ აქტით ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობს ადამიანის უფლებების დარღვევაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხვდება სანქციების ქვეშ და აშშ ამას გაითვალისწინებს და რაც მთავარია, ასევე არის  მნიშვნელოვანი მიმართვა ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელთან, რომ მან დააჩქაროს საქართველოსთან მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ," - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

დღის ამბები