17 მაისი 2024,   22:16
ვრცლად
ბრიტანეთში ნაპოვნი 39 ცხედარის ვინაობა ამ დრომდე უცნობია - დაღუპულებს შორის შესაძლოა ვიეტნამელებიც იყვნენ

ბრიტანეთში 39 ცხედრის პოვნიდან 4 დღის შემდეგ დაღუპულები ჯერ კიდევ არ არიან იდენტიფიცირებულები. მედიაში განსხვავებული ვერსიები ვრცელდება. ერთ-ერთის მიხედვით, ესექსში სატვირთო მანქანაში აღმოჩენილებს შორის, შესაძლოა, ვიეტნამელებიც იყვნენ. მომხდარზე გამოძიება გრძელდება. ტრაგიკულ საქმეზე დაკავებულია რამდენიმე პირი.

25 წლის ნუიენ დინ ტუ ერთ-ერთია იმ 39 გარდაცვლილს შორის, რომლის ცხედარიც დიდ ბრიტანეთში, ესექსში სატვირთო მანქანაში იპოვეს. მომხდარი ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში ოჯახი მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ ახალგზარდა კაცმა თავისი ქვეყანა მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების გამო დატოვა და სამუშაოს საძიებლად ბრიტანეთში წავიდა.

"ის ამ სატვირთოში იყო. ზუსტად ვიცი 39 დაღუპულს შორის ერთ-ერთი ჩემი შვილია. ნათესავებმა დამირეკეს და მითხრეს ეს ტრაგიკული ამბავი. გვშია და ღარიბები ვართ. ჩემი შვილი ჯერ სამხედრო სამსახურში წავიდა, თუმცა საკმარისი ანაზღაურება არ ჰქონდა. ოჯახი ჰყავდა, ცოლ-შვილი, ამიტომ სამუშაოს საძიებლად საზღვარგარეთ წავიდა. აქ არსებობის საშუალება არ გვაქვს," - განაცხადა სავარაუდო დაღუპულის მამამ ნუიენ დინ სატიმმა.

ინფორმაცია, რომ დაღუპულები ვიეტნამელები იყვნენ თავდაპირველად ორგანიზაცია VietHome-მ გაავრცელა. მიუხედავად იმისა, რომ ცხედრები ჯერ ოფიციალურად იდენტიფიცირებული არ არის, ვიეტნამში უკვე გლოვობენ და ამბობენ, რომ ზუსტად იციან, თუ ვინ დაასრულა სიცოცხლე სატვირთო მანქანაში.

"ეს ახალგაზრდები უცხოეთში წავიდნენ, მათმა მშობლებმა კი ამისთვის ყველაფერი გაყიდეს, სახლები ბანკებში ჩადეს, ახლა კი დაღუპულები არიან. ეს დიდი ტრაგედიაა. გვინდა ჩვენ შვილებს, ახალგაზრდებს უკეთესი მომავალი ჰქონდეთ," - აღნიშნა ვიეტნამელმა პან ვან დუონგიმ.

ბრიტანეთის პოლიცია მომხდარ ტრაგედიაზე გამოძიებას განაგრძობს. პარალელურად, დაღუპულთა იდენტიფიკაციის პროცესიც მიმდინარეობს. გამოძიების დასრულებამდე პოლიცია სხვა დეტალებზე არ საუბრობს და ვიეტნამის მთავრობას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, სატვირთო ავტომობილმა, რომლის საყინულეში 8 ქალი და 31 კაცი იმალებოდა, დიდი ბრიტანეთის საზღვარი ბელგიის გავლით 23 ოქტომბერს გადაკვეთა. იმავე დღეს ესექსის პოლიციამ გაყინულ მიგრანტებს მიაგნო. სამართალდამცველებმა საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს. მათ შორის სატვირთო მანქანის 25 წლის ირლანდიელი მძღოლი, ინგლისელი წყვილი და 48 წლის კაცი.

გამოძიება მათ მკვლელობას, ადამიანების ტრეფიკინგსა და ფულის გათეთრებას ედავება.

დღის ამბები