19 მაისი 2024,   08:51
ვრცლად
"მან ფაქტობრივად ამხილა ივანიშვილი" - ოპოზიცია მეუფე იაკობის სკანდალური ბრალდებების საკითხზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

მეუფე იაკობის ხმაურიან განცხადებებს დეპუტატები ეხმაურებიან - ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საქმე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს. გარდა ამისა, საპარლამენტო ოპოზიციაში აღნიშნავენ,  რომ მეუფე იაკობი პარლამენტშიც უნდა მივიდეს და საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს პასუხი გაეცეს.

"უმძიმესი ბრალდებები გააჟღერა მეუფე იაკობმა. ფაქტობრივად მან ამხილა ივანიშვილის რეჟიმი. გვინდა რომ გამოძიება ჩატარდეს და ალბათ მაშინ ჩატარდება, როდესაც ეს რეჟიმი შეიცვლება. იმისათვის, რომ დადგინდეს ვინ, რა როლი მიუძღვის ამ ძალიან საშიშ ქმედებაში," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბარამიძემ.

"სასულიერო პირი უმძიმეს ვითარებას აღწერს, ეკლესიისა და მთავრობის რაღაც მაფიოზური ურთიერთობის შესახებ. არ მგონია, რომ მხოლოდ საპარლამენტო ტრიბუნა ამ საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია. აუცილებელია დაიწყოს გამოძიება, რომელიც ნორმალურ ქვეყანაში უნდა ტარდებოდეს," - აღნიშნა "ევროპული საქართველო" წევრმა ელენე ხოშტარიამ.

რაც შეეხება მეუფის პარლამენტში შესაძლო მისვლას, საპარლამენტო უმრავლესობა ამის აუცილებლობას ვერ ხედავს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭავარიანის შეფასებით, მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებები პირველ რიგში სინოდმა და ეკლესიამ უნდა შეისწავლოს.

"არ იყო სასიამოვნო მოსასმენი მეუფე იაკობის განცხადებები, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ მას აქვს რაიმე ტიპის კითხვები, ეს ალბათ სინოდისა და პატრიარქის გადასაწყვეტი საკითხია და არ მგონია, რომ პარლამენტი იყოს ის ინსტიტუცია, სადაც ასეთი კითხვის უნდა გაეცეს პასუხი," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

​​

დღის ამბები