19 მაისი 2024,   10:56
ვრცლად
"არ ველოდები შემდეგ არჩევნებში, რომ კოალიციის შექმნა დაგვჭირდება ვიღაცასთან" - მამუკა მდინარაძე

თამარ ჩუგოშვილის განცხადებას, რომელიც მან ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გააკეთა და რეალისტური უწოდა იმ ფაქტს, რომ  უმრავლესობა შესაძლოა ვერც ერთმა პარტიამ ვერ აიღოს, მათ შორის ვერც "ქართულმა ოცნებამ", გამოხმაურება მოჰყვა უმრავლესობაშიც.

ჩუგოშვილისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს. უმრავლესობის დეპუტატი დარწმუნებულია, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებას საზოგადოების მყარი მხარდაჭერა ექნება.

"ქართული ოცნების“ დეპუტატების ნაწილი გამორიცხავს, რომ მმართველი ძალა ხმებს დაკარგავს და კოალიცის შექმნის აუცილებლობა დადგება.

“პირადად მე, არ ველოდები შემდეგ არჩევნებში, რომ კოალიციის შექმნა დაგვჭირდება ვიღაცასთან. მე მგონია, რომ ქართული ოცნების მხარდაჭერა იქნება იმდენად მყარი, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება კოალიციაზე საუბარი," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილიც ვარაუდობს, რომ "ქართული ოცნება" უმრავლესობას მოიპოვებს. 

"როდესაც ჩვენ პროპორციულზე გადავდივართ, ალბათობა იმის, რომ ერთი რომელიმე პარტია აიღებს სრულ უმრავლესობას, არის ნაკლები. ამაზე იყო აქცენტი ქალბატონი თამარის საუბარში და შესაძლებლობა მართლაც არის, რომ არც ერთ პარტიას არ ჰქონდეს უმრავლესობა, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ დიდი ალბათობით, ქართულ ოცნებას ექნება უმრავლესობა," - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ერთადერთი ძალა, ვისაც რეალური შანსი აქვს მოიგოს არჩევნები, "ქართული ოცნებაა“. ასე ფიქრობს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელსაც შეუძლია მთავრობის ჩამოყალიბება კოალიციის გარეშე მოახერხოს.

 

დღის ამბები