17 მაისი 2024,   15:01
ვრცლად
"ანაკლია არ არის სამინისტროს, კონსორციუმის, ხაზარაძის ან ივანიშვილის, ეს არის ქვეყნის მომავლის პროექტი" - პარლამენტში ლევან ახვლედიანს უსმენენ

უკვე ერთი საათზე მეტია ანაკლიის პორტის პროექტის განხილვა საპარლამენტო ფორმატში მიმდინარეობს. დეპუტატების შეკითხვებს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი პასუხობს. როგორც  საკითხის განხილვის ინიციატორი დამოუკიდებელი დეპუტატები აცხადებენ, შეხვედრის მიზანია, ანაკლიის პორტის თემაზე საზოგადოებაში ბუნდოვანება მოიხსნას და ყველა შეკითხვას პასუხი გაეცეს.

"ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანი არის საჯარო სივრცეში მსჯელობა, კითხვების დასმა და პასუხების მიღება ინფრასტრუქტურის სამინისტროსაგან და ანაკლიის კონსორციუმისგან პროექტთან დაკავშირებით. ანაკლიის პროექტი არ არის სამინისტროს, კონსორციუმის, ხაზარაძის ან ივანიშვილის, ეს არის ქვეყნის მომავლის პროექტი. იმედს ვიქონიებთ, რომ დღევანდელი შეხვედრა ხელს შეუწყობს, იმას, რომ სამინისტროსა და კონსორციუმს შორის კიდევ უფრო მეტად კონსტუქციულად წარიმართოს დიალოგი," - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ.

ასევე  დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის განმარტებით, სამწუხაროა, რომ საჯარო შეხვედრას მმართველი გუნდის წარმომადგენლები და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი არ ესწრებიან.

"ჩვენ შეთავაზება გავუგზავნეთ, როგორც კონსორციუმს, ასევე მთავრობას და კონკრეტულად ინფრასტრუქტურის მინისტრს. მაგრამ დამოკიდებულება იყო ძალიან სამწუხარო, რადგან მთავრობა გაექცა საჯარო სივრცეში ამ საკითხზე საუბარს," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ამ ფორმატში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, დიალოგის პრობლემა არ აქვს, თუმცა ამ ეტაპზე პარლამენტში მისვლის საჭიროებას ვერ ხედავს.

დღის ამბები