პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავსებით მისაღებია - ამის შესახებ "რუსთავი 2-თან" პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განაცხადა. ცისანა შარტავა, ცოტა ხნის წინ, ილია მეორის სანახავად საპატრიარქოში მივიდა.
როგორც შარტავამ "კურიერთან" საუბრისას აღნიშნა, პატრიარქს ამ ეტაპზე რაიმე დამატებითი კვლევები არ ესაჭიროება, თუმცა პრევენციის მიზნით, კარდიოლოგის კონსულტაციას საჭიროდ მიიჩნევს.
“თბილისშია, აქ არის, საპატრიარქოში. სავსებით მისაღები მდგომარეობა აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. გაციების მერე ყველაფერი დალაგდა. მერე შეიძლება ანალიზიც ავიღოთ, მაინც ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნება. ზედმეტად არ ვაწუხებთ, დღეს კარდიოლოგებთან კონსულტაციებს გავივლით, რომ ამ დაძაბული დღეების შემდეგ მდგომარეობა შევამოწმოთ. წოლითი რეჟიმი არ ჰქონია, მისი ცხოვრების განრიგში არაფერი შეცვლილა," - განაცხადა ცისანა შარტავამ "კურიერთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქი, სეზონური გრიპის ვირუსის გამო, საკვირაო ქადაგებას არ დასწრებია.