17 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
"რა გარანტია აქვს მთავრობას, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ არ დაგჭირდებათ კიდევ 50 მილიონი?!" - დეპუტატებს ახვლედიანთან კითხვები ფინანსურ გარანტიებზე ჰქონდათ

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დირექტორს ლევან ახვლედიანს პარლამენტში 4 საათზე მეტხანს უსმენდნენ. დეპუტატების შეკითხვების უმეტესობა ახვლედიანის მიერ ანაკლიის პროექტის გადარჩენისთვის შემუშავებულ სამპუნქტიან გეგმას შეეხებოდა.

ერთ-ერთი პუნქტი,  სადაც საუბარი სესხის დაფარვის 150 მილიონიან ფინანსურ გარანტიებზე იყო, განხილვის  მთავარი და აქტუალური თემა გახდა.

დღევანდელ საჯარო მოსმენას საპარლამენტო უმრავლესობის ერთადერთი წარმომადგენელი დეპუტატი აკაკი ზოიძე ესწრებოდა, მისი შეკითხვაც სწორედ ამ ფინანსურ გარანტიას ეხებოდა.

ევროპული საქართველოს წევრ ელენე ხოშტარიას თქმით, ხელისუფლება ნებისმიერ ფინანსურ ვალდებულებას დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.

"ძალიან ყურადღებით უნდა ვნახოთ, ღირს ეს თუ არ ღირს. მე ამ დამოკიდებულებას ძალიან ბევრ სხვა საკითხში ვერ ვხედავ. აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, დადე მაგიდაზე 50 მილიონი, აქ არის ლაპარაკი, რომ საჭიროება დადგა დავსხდეთ და ვისაუბროთ.  თან იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებამ არაერთი პირობა დაარღვია და მაისის ბოლოს სრულიად მოულოდნელად გამოხტა ფოთის პორტის  ამბავი; და მოდით ნუ დავიყვანთ ამას იმაზე, რომ მთავრობა კაპიკს-კაპიკზე ითვლის და მხოლოდ ამაზე ნერვიულობს,“ - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

დამოუკიდებელი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის მტკიცებით, ტენდერის პირობები მთავრობის მხრიდანაც უფრო ნათლად უნდა იყოს განმარტებული.

"ჩემი აზრით, ეს მოთხოვნები არის ტენდერის პირობების შეცვლა. თუ ეს არ იყო წინასწარ შეთანხმებული, 50 მილიონი მთავრობამ, გახარიამ ჯიბიდან არ უნდა ამოიღოს. უნდა მოვიდეს და აგვიხსნას, რომ ეს საჭიროა და გვითხრას, რომ მთავრობას შეეშალა,  ტენდერის ჩატარების დროს ეს საკითხი არ წამოწია წინ. რა გარანტია აქვს მთავრობას, რომ თქვენ რაღაცა პერიოდის შემდეგ არ დაგჭირდებათ კიდევ 50 მილიონი?!" - მიმართა გედევან ფოფხაძემ ლევან ახვლედიანს.

თავის მხრივ ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ბანკებს ტენდერის პირობები არ შეუცვლიათ.

 

დღის ამბები