20 მაისი 2024,   22:03
ვრცლად
მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მეუფე გრიგოლმა პირველად იქადაგა

მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში შეკრებილებს თანადგომისთვის მადლობა გამოუცხადა ჭყონდიდისა და მარტვილის ახალმა მიტროპოლიტმა. მეუფე გრიგოლმა ტაძარში პირველად იქადაგა.

მან მარტვილში ჩასულ სპეციალურ კომისიაზეც ისაუბრა, რომელმაც მეუფე პეტრეს ეპარქიის ხელმძღვანელის პოსტიდან გადაყენების შემდეგ ინვენტარიზაცია უნდა ჩაატაროს. პარალელურად, ეპარქიაში დარჩენაზე უკვე უარი განაცხადა სასულიერო პირების ნაწილმა.

მეუფეების თქმით, პეტრე ცაავა გადაბარების პროცესში მონაწილეობას მიიღებს, რადგან მას აქვს კონკრეტული ვალდებულებები, ბანკის სესხები და სხვა.

ახალმა მიტროპოლიტმა დღეს პირველად აღავლინა წირვა ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში, მან ღვთის სიყვარულზე ისაუბრა და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს განსაცდელი უწოდა. ვინც ამ განსაცდელს გაუძლებს ნიშნავს გამოცდის ჩაბარებას ღვთის წინაშე - აღნიშნა ქადაგების დროს ჭყონდიდისა და მარტვილის ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა.

ჭყონდიდის ეპარქიას ყოფილ მიტროპოლიტთან ერთად დატოვებს იღუმენია თამარ გამყრელიძე. იღუმენიამ დღეს განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ აღარ იქნება წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი. დღეიდან მონასტერს მონაზონი სოსანე ბოლქვაძე უხელმძღვანელებს.

დღეს მონაზვნები აღნიშნავდნენ, რომ ეპარქიას არ დატოვებენ, თუმცა ახალი მიტროპოლიტის მიერ ჩატარებულ წირვა-ლოცვას არ დაესწრებიან. ამასთან, მონაზვნებმა მონასტერში ილია მეორის სურათი ჩამოხსნეს.

ამ ეტაპზე უცნობია სად მიდის მეუფე პეტრე.

დღის ამბები