20 მაისი 2024,   19:32
ვრცლად
"რატომ დაალაიქეთ ის პოსტი?"- გიგა ბოკერია მოსამართლეობის კანდიდატს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენა გრძელდება.
დეპუტატები რიგით მე–16 კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს, უსმენენ. ოპოზიცია მიმდინარე პროცესებს ნეგატიურად აფასებს და სასამართლო სისტემაში არსებულ ე.წ. კლანურ მმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას. უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ პროცესი უპრეცენდენტოა.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას კითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის ერთ-ერთ Facebook პოსტს ეხებოდა. ბოკერიამ სთხოვა კანდიდატს შეეფასებინა, იყო თუ არა ეს პოლიტიკური თავდასხმა. ნინო ქადაგიძემ შეფასებისგან თავი შეიკავა, რის შემდეგაც ბოკერიამ შეახსენა, რომ მას ეს პოსტი "დალაიქებული" აქვს. 

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ კანდიდატს ჰკითხა, ეთანხმებოდა თუ არა მოსაზრებას, რომ ქართული სუფრა ცივილიზაციის უფრო დიდი მონაპოვარია, ვიდრე ინტერნეტი. ქადაგიძემ უპასუხა, რომ არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. ამის შემდეგ, რომან გოცირიძემ თქვა, რომ შესაძლოა მან ეს სიტყვები ინანოს, რადგანაც მისი ავტორი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია. 

პარლამენტის დამოუკიდებელი კანდიდატის, ეკა ბესელიას კითხვა ე.წ. "კლანს" ეხებოდა. ქადაგიძე არ მიიჩნევს, რომ ის "კლანის" წევრია.

"მაშინ, ისეთივე წარმატებით შეიძლება ვთქვათ, რომ მე ვიყავი ბატონი თედო ნინიძის კლანის წევრი, ვიყავი ლადო ჭანტურიას კლანის წევრი, ჯონი ხეცურიანის კლანის წევრი. ეს ის ადამიანები არიან, რომელთანაც კითხვა არ გაუჩნდება არავის არც ამ დარბაზში, და არც მის მიღმა. ამიტომ, მე არ ვთვლი, რომ რომელიმე კლანის წევრი ვარ,"- განაცხადა ქადაგიძემ. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენა კვირის ბოლოს დასრულდება.

დღის ამბები