21 მაისი 2024,   00:47
ვრცლად
"მოვუწოდებთ შს სამინისტროს, დაიცვას ის ხალხი ვინც აპირებს ფილმის ნახვას" - NGO-ები

დაანონსებულ პროტესტსა და კინოს ბლოკირებას არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. არასამთავრობოს სექტორი შს სამინისტროს მოუწოდებს, რომ მაყურებლის უსაფრთხოება უზრუნველყონ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი საზოგადოებაში "ქართული მარშის" მიერ ჩატარებულ პოლიტიკას სერიოზულ პრობლემას უწოდებს. 

"ჩვენ ვნახეთ, რომ წარსულში, სხვადასხვა ინციდენტების დროს, მათ ქმედებებზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება არ მოხდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ეტაპზე ხელისუფლება ამ ჯგუფებს იწყნარებს და ზოგიერთ შემთხვევაში მათი პოლიტიკური ინტერესების თანხვედრაც კი ჩანს," - აცხადებს თამთა მიქელაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის მოძრაობის" წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ პროტესტი უნდა მშვიდობიანი ფორმით უნდა ჩატარდეს. იმ ჯგუფებს, რომლებიც ფილმის ჩაშლით იმუქრებიან, დავით კახაბერი აგრესიულ ჯგუფებად მოიხსენიებს, რომლებსაც ფაშისტური განწყობები გააჩნიათ. 

"არ უნდა იმუქრებოდნენ, რომ დაბლოკავენ კინოში შესასვლელებს და როგორც ბატონმა ლევან ვასაძემ განაცხადა შიშველი ხელებით აპირებს, რომ გამორთოს პროექტორი, რითიც ფილმი უნდა გაუშვან. მიგვაჩნია, რომ არიან ძალიან ბევრ რაღაცაზე წამსვლელი. ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენს განცხადებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მაქსიმალურად დაიცვას იმ ხალხის უსაფრთხოება, ვინც აპირებს ფილმის ნახვას," - აცხადებს დავით კახაბერი.

კინოთეატრ "კავეას" მარკეტინგის სამსახურის უფროსის განცხადებით, მაქსიმალური ზომები იქნება მიღებული იმისთვის, რომ მაყურებლების უსაფრთხოება უზრუნველყონ. როგორც ცნობილია, ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი კინოპრემიერას არ დაესწრება. 

დღის ამბები