პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლები სასამართლოს მიმართავენ და სამსახურში აღდგენას ითხოვენ. საქმე ეხება ოთხ პირს, რომლებიც ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს მუშაობდნენ, სალომე ზურაბიშვილმა კი სამსახურიდან გაათავისუფლა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლების ინტერესებს სასამართლოში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იცავს.
"პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამართლებრივი დასაბუთება ასეთ შემთხვევაში იყო რეორგანიზაციის დროს შტატის შემცირება, რაც ჩვეულებრივ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს განთავისუფლების საფუძველი, მაგრამ მიგვაჩნია, რომ უნდა შემოწმდეს რამდენად სწორად იყო ეს საფუძველი გამოყენებული, შესაბამისად მივმართეთ სასამართლოს," - აღნიშნა ორგანიზაციის იურისტმა თეონა ზაქარაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში დამტკიცდა, რომ შტატი არ იყო გაუქმებული, სწორედ ამ არგუმენტის საფუძველზე, ერთ პირს თანამდებობაზე აღადგენენ.
ადმინისტრაციაში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან სულ 61 თანამშრომელი გათავისუფლდა.