17 მაისი 2024,   13:33
ვრცლად
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ პედაგოგს სხვა მოსწავლეებიც ადანაშაულებენ

გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული სკოლის პედაგოგი ქუთაისის საპატიმროში იმყოფება. 60 წლამდე მამაკაცს გამოძიება მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავება. 

შემთხვევა ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. "კურიერი" დაზარალებული გოგონას მამას ესაუბრა.

გამოძიებას არასრულწლოვანმა უკვე მიაწოდა ინფორმაცია, სადაც რამდენიმე ინციდენტზე საუბრობს.

გოგონა იხსენებს, რომ ზაფხულში ის პედაგოგმა მანქანაში ჩაისვა საკუთარი შვილიშვილების თანდასწრებით და ინტიმურ ადგილებზე ჰკიდებდა ხელს. ჩვენებას დაზარალებულის მამაც ესწრებოდა.

"კურიერთან" საუბრისას დაზარალებული გოგონას მამა ჰყვება, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ტოვებდა პედაგოგი გოგონას მარტო კლასში. 

"ბავშვი ამბობს, რომ ხელით ჰყავდა დაჭერილი და გარეთ გასვლის საშუალებას არ აძლევდა, ჩემმა შვილმა თქვა, რომ სიმწრისგან გადაწყვიტა პედაგოგისთვის ხელზე ეკბინა, რა დროსაც მან ხელი გაუშვა და ბავშვი კლასიდან გაიქცა,"  - ამბობს მამა "კურიერთან".

გოგონას მამა ზაფხულში მომხდარ ინციდენტსაც იხსენებს, როდესაც პედაგოგმა გოგონა მანქანაში ჩაისვა და მკერდზე შეეხო.

როგორც ჩანს ის არ არის ერთადერთი, რომელიც პედაგოგისგან სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი გახდა, პედაგოგის დაკავების შემდეგ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა დირექტორს ღიად უთხრეს იმ დანაშაულის შესახებ, რასაც სასწავლო პროცესის პერიოდში პედაგოგი ახორციელებდა.

"კურიერთან" ერთ-ერთი მასწავლებელი ჰყვება, რომ მასთან სამი გოგონა მივიდა მსგავსი პრობლემით.

"გოგონებმა მითხრეს, რომ ჩვენი სკოლის პედაგოგი გაკვეთილზე ხელებს უსვამდა მათ და ეფერებოდა სახეზე, ერთხელაც კლასში მარტო დაიტოვა. ამავე კლასშია ჩემი შვილიც, რომელიც ამ ბავშვთან ერთად დარჩა, თუმცა პედაგოგმა დაუყვირა და კლასიდან გასვლა მოსთხოვა, როგორც ბავშვმა მე მითხრა, ბრალდებული ხელს უსვამდა ინტიმურ ადგილებში," - განაცხადა სკოლის პედაგოგმა.

მომხდარზე გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 10-დან 13-წლამდე პატიმრობას გულისხმობს. 

დღის ამბები