თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა. "კურიერის" ინფორმაციით, ექსპერტებმა ცხედრიდან რვა ცეცხლნასროლი ტყვია ამოიღეს.
რა კავშირი აქვს ემზარ კვიციანის ძმისშვილს თბილისის ზღვაზე მომხდარ მკვლელობასთან - ბექა კვიციანს უკვე ორი დღეა საგამოძიებო უწყება ეძებს, რასაც დეპუტატი ემზარ კვიციანიც ადასტურებს.
ორი დღე ეძებდნენ ნოდარ ცხადაძესაც, რომლის გვამიც დღეს თბილისის ზღვაზე იპოვეს.
ბოლოს კვიციანი და ცხადაძე ერთად, ისნის ბაზრობაზე ნახეს. ამის შემდეგ დაიკარგა მათი კვალი. გარდა იმისა რომ მოკლული და გაუჩინარებული კვიციანი მეგობრები იყვნენ, კვიციანი მოკლულის ბავშვის ნათლიაცაა.
"რუსთავი 2"- თან საუბრისას, დეპუტატი ემზარ კვიციანი გარდაცვლილ მამაკაცსა და მის ძმისშვილს შორის, რაიმე სახის კონფლიქტის არსებობა გამორიცხა.
"ორივეს ეძებენ ორი დღეა უკვე. ორივე არიან დაკარგულები, ჯერ არ ვიცი, არაფერი. ჩემი ძმისშვილი ორი თვის უკან ვნახე ბოლოს, ნათესაური კავშირი აქვთ, ერთად გაზრდილები და ბავშვის ნათლიაა ჩემი ძმისშვილი მაგისი. არ ვიცი ერთად რას საქმიანობდნენ,"- განუცხადა კვიციანმა "კურიერს".
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც, შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გამოძიებას ამ დროისთვის ნოდარ ცხადაძის მკვლელობისთვის დაკავებული არავინ ჰყავს. ნოდარ ცხადაძის ცხედარი, ცოტა ხნის წინ, საკუთარ სახლში გადაასვენეს.