26 აპრილი 2024,   15:52
ვრცლად
რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია - რა გეგმები აქვთ აქციის მონაწილეებს

რუსთაველის გამზირი ამ დრომდე გადაკეტილია. დედაქალაქის ცენტრში კარვებია გაშლილი, რომელშიც ღამე აქციის მონაწილეებმა გაათენეს, მათ შორის პოლიტიკოსებმაც. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ დაიშლებიან ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება. დღის მთავარი აქცია დღეს 19:00 საათზეა დაგეგმილი.

"ევროპული საქართველოს" წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, აუცილებელია, რომ აქციები პერმანენტულად, მიზნის მიღწევამდე გაგრძელდეს: 

"რუსთაველი დაკავებულია და დაკავებული იქნება, ეს არის აუცილებელი, რომ ჩვენ გვქონდეს პერმანენტული აქციები მიზნის მიღწევამდე. საერთო ამოცანა არის, რომ დავუბრუნოთ ადამიანებს არჩევნები, რაც წაართვა ივანიშვილმა. პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარდეს,  მაგრამ ამ არჩევნებს ვერ ჩაატარებს ბიძინა ივანიშვილი, მან ამაზე თავად თქვა უარი და გადაუსვა ხაზი საკუთარ ლეგიტიმაციას, ამიტომ ეს უნდა ჩაატაროს დროებითმა მთავრობამ,"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ თუ რეჟიმი გაჯიუტდება და არ შეასრულებს მოთხოვნას, რომელსაც მას საზოგადოება და სრულიად პოლიტიკური სპექტრი უყენებს ის აუცილებლად დამარცხდება:

"არავის არ უნდა არც ქუჩაში დგომა და არც პროტესტი, ყველა უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად განიმუხტოს ეს ვითარება და ეს ყველაფერი არის ხელისუფლებაზე დამოკიდებული. ყველა პოლიტიკური პარტია არის ერთ ჭკუაზე და ამას პრეცედენტი არ ქონია აქამდე. ყველა შემთხვევაში თუ რეჟიმი გაჯიუტდება აუცილებლად დამარცხდება," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფება პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მას უკვე მესამე ზამთარია ხელისუფლების ცვლილების და მისი შვილის საქმეში სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი აქვს:

"ყველა პარტიას, ყველა ადამიანს ვუერთდები, რაც კი ხდება ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იმიტომ რომ მე უკვე აქ ვდგავარ მესამე ზამთარი მოდის, იმის მოლოდინში, რომ ეს ხელისუფლება შეიცვლება და ამათ მიერ არაფრის გამო მოკლული იმ ჩემი ერთადერთი ვაჟის სამართალი აღდგება,"- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

აქციაზე იმყოფება და საზოგადოებას შემოერთებისკენ მოუწოდებს ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ხელმძღვანელი დავით ქაცარავაც, მისი თქმით, თუ საქართველოს მოსახლეობამ მსგავსი შეურაცხყოფები მოითმინა, ცოტა ხანში ქვეყანა საბჭოთა კავშირში აღმოჩნდება:

"ვაპირებთ აქ დგომას და მოწოდებას ხალხისთვის, რომ შემოგვიერთდნენ და მოვიდნენ აქ, ვინაიდან თუ ჩვენ დავთმობთ და მივცემთ ჩვენს ხელისუფლებას უფლებას, რომ ეს შეურაცხყოფა, სულში ჩაფურთხება შეირჩინოს, ჩვენ ხალხს გვითხრან და გაგვიკეთონ, რაც გუშინ დაიწყეს, ხვალ „გრუზინსკაია ესესერში“ გავიღვიძებთ,"- აღნიშნა დავით ქაცარავამ.

დღის ამბები