23 აპრილი 2024,   23:27
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული არ არის, პარლამენტის წინ 10-მდე კარავი რჩება

რუსთაველის გამზირზე 10-მდე კარავი ამ დრომდე რჩება და აქციის მონაწილეები მოთხოვნების შესრულებამდე უკან დახევას არ აპირებენ.

37 დაკავებული და 6 დაშავებული, ასეთია პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის შედეგები.

განვითარებული მოვლენების მიუხედავად აქციის მონაწილეები პოზიციებს არ თმობენ, მათ ღამე მაინც პარლამენტთან გაატარეს.

მოთხოვნები უცვლელია - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, დროებითი მთავრობის შექმნა და ცესკოს ხელახალი დაკომპლექტება. 

რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, სადაც დაახლოებით 4 დღის განმავლობაში საავტომობილო გზა გადაკეტილი იყო, ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია. ასევე ავტომობილების მოძრაობა აღდგენილია ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩაზეც.

პარლამენტის არც ერთი შესასვლელი ამ დროისთვის ბლოკირებული არ არის, თუმცა ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შესაძლებლობა ამ დრომდე არ აქვთ. დეპუტატებს კი დილიდან პარლამენტის შენობაში შესვლის შესაძლებლობა მიეცათ.

ჯერჯერობით უცნობია გეგმა, რა სახით გაგრძელდება პროტესტი. აქციის მონაწილეები რამდენიმე საათში ლიდერებს ელოდებიან, რის შემდეგაც მათთვის სამოქმედო გეგმები ცნობილი გახდება.

დღის ამბები