22 დეკემბერი 2024,   20:38
ვრცლად
არ შევეგუებით ოკუპაციას, იმედი გვაქვს, ევროპელი და ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორები დაგვეხმარებიან - მეუფე იაკობი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

"არ შევეგუებით ოკუპაციას. დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი და ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორები დაგვეხმარებიან"- ეს განცხადება მეუფე იაკობმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  

ბოდბელმა ეპისკოპოსმა დღეს ევროპარლამენტარებს კიდევ ერთხელ შეახსენა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს შესახებ და აღნიშნა, რომ ჩრდილოელ მეზობელს არ სურს, საქართველო ძლიერი იყოს.

"ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით, ჩვენი ბრძოლის ფორმა იქნება მშვიდობიანი და ცივილიზებული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი და ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორები დაგვეხმარებიან. მე აფხაზეთის ომის მონაწილე ვარ. ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგე. ყოველთვის ვუთანაგრძნობდი აფხაზ ხალხს, რადგან ეს არ იყო ჩვენი და აფხაზების ომი. ეს იყო რუსეთ - საქართველოს ომი. ამას მოჰყვა საქართველოს დიდი ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს არ სურს, რომ საქართველო ძლიერი იყოს. მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავს ევროპელად მიიჩნევს და ევროპისკენ მივისწრაფვით და არა დამპყრობლისკენ. ეს არასდროს მოხდება. ჩვენი საფლავები მოსპეს აფხაზეთში და აღარ გვაქვს შესაძლებლობა ჩავიდეთ. არ გვეძლევა საშუალება მოვილოცოთ ჩვენი სალოცავები. ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით ყველა, თუ დაგვეხმარებით. ჩვენ ისტორიული სამართლიანობის აღდგენას ვითხოვთ. რაც შეეხება დავით გარეჯის კომპლექსს, ესეც რუსეთიდან მომდინარეობს. ჩვენ ველოდებით სახელმწიფოს. ვნახოთ რას მიაღწევს სახელმწიფო მოლაპარაკებებით აზერბაჯანთან,"-აღნიშნა იაკობმა.

სემინარზე მეუფე იაკობმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა და ევროკავშრის მოუწოდა, უკრაინასთან ერთად საქართველოზეც ხშირად ისაუბრონ.

"ჩვენი და რუსეთის ურთიერთობები გაყინულია. არც ფიქრობენ ჩვენთან დალაპარაკებას. ჩვენი მიწა იყო და არის ისტორიული. რუსეთმა ზევიდან არ უნდა გვიყუროს და როგორც პარტნიორს, ისე უნდა გვიყუროს. ამ საკითხში ჩვენი ჩართულობა კარგი იქნება. დიდ მადლობას მოგახსენეთ, რომ ყოველთვის აღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ძალიან კარგია. უკრაინაზე ხშირად არის ლაპარაკი და ხშირად საქართველოს საკითხი გამოტოვებულია. გთხოვთ გაითვალისწინოთ და ყველგან უკრაინასთან ერთად ახსენოთ საქართველო. ამერიკაშიც ვიყავით. დღეს ბრიუსელში ვართ და ხედავთ ჩვენს მეგობრობას. მრევლიც ისეა, რომ პრობლემებამდე საქმე არ მიგვყავს, თუ შენდობას ვითხოვთ. ტოლერანტობა ალბათ ჩვენგან უნდა ისწავლოს ევროპამ. შეგვიძლია ტოლერანტობაში მაგალითი მოგცეთ. მრავალი საუკუნეა თბილისის ცენტრში ყველა სალოცავია. ცოდვის მიმართ ტოლერანტები ვერ ვიქნებით. მოლდოვასაც, უკრაინასაც და საქართველოსაც დაუჭირეთ მხარი. გავა დრო და ჩვენ ღირსეულად მოვემზადებით. ჩვენი სახით ერთი ღირსეული წევრი შეგემატებათ ევროკავშირში. ეს არის თავისუფალი ქვეყნების თავისუფალი კავშირი. როგორც მრავალშვილიანი ოჯახია ძალიან კარგი, ასევე საქართველოს და უკრაინის შეერთებაც კარგი იქნება. ნატო არის ჩვენი არჩევანი. მოსახლეობის უმრავლესობას სურს გაწევრიანება ნატოში. მთავარია ნატოც ჩამოყალიბდეს. იქაც დაიხვეწება ყველაფერი და კითხვებს ჩვენთანაც არ დატოვებს,"-განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა.

დღის ამბები