19 მაისი 2024,   10:57
ვრცლად
ზაზა თავაძის თხოვნის შესრულება ექსკლუზიური პრივილეგიის ტოლფასია - ნაზი ჯანეზაშვილი შესაძლო კანონდარღვევაზე

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძის მოთხოვნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენა გადაიდოს, გაუგებარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილისთვის.

მისი თქმით, თავაძეს ეს განხილვების დაწყებამდე უნდა გაეკეთებინა, ახლა კი ექსკლუზიურად მისთვის გამონაკლისის დაშვება კანონით შეუძლებელია.

"გაუგებარია მისი ეს განცხადება, კანონმდებლობა მსგავს ექსკლუზიურ შესაძლებლობას ერთ კანდიდატთან მიმართებაში, რომ შეჩერდეს მისი საკითხის განხილვა და შემდეგ მიიღოს პარლამენტმა გადაწყვეტილება, ასეთ რამეს არ ითვალისწინებს. შესაბამისად, არ მესმის როგორ უნდა მიუდგეს პარლამენტი მის განცხადებას, რომ მიანიჭოს თითქოს პრივილეგია და დაელოდოს დამატებითი დოკუმენტების წარდგენას. მას ეს უნდა გაეკეთებინა ადრე, როდესაც მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ან, მაქსიმუმ, იქამდე, ვიდრე პარლამენტი საბოლოოდ გავიდოდა კენჭისყრამდე,"- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენა გადაიდოს. ზაზა თავაძე განხილვის შეჩერების თხოვნის მიზეზად განათლების მაგისტრის ხარისხთან შესაბამისობის დადგენისთვის საჭირო პროცედურებს ასახელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები