თბილისში დაგეგმილ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან. "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წევრები დღეს ფოთში შეიკრიბნენ. 50-მდე პირი დედაქალაქში დაგეგმილ საპროტესტო აქციაში - "ერთად ერთის წინააღმდეგ" მონაწილეობის მისაღებად გამოემგზავრა.
ისინი იმ კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.
"გვინდა ყოველგვარი დისკომფორტი შევუქმნათ ხელისუფლებას და ვაიძულოთ განახორციელონ ცვლილება საარჩევნო სისტემაში,"- განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით ხომერიკმა.
ოპოზიციის მხარდამჭერები, აქციაში მონაწილეობის მისაღებად წამოვიდნენ გურიიდანაც.
ოზურგეთიდან თბილისში აქციაზე - "ერთად ერთის წინააღმდეგ" "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებიც გამოემგზავრნენ. როგორც ადგილობრივმა ლიდერმა მიხეილ გოგოტიშვილმა აღნიშნა, აქციას ოზურგეთიდან 100 კაცი შეუერთდება, თუმცა მათი ძირითადი ნაწილი სხვადასხვა ლოკაციიდან გავიდა.
"მივდივართ, რათა კვლავ გავაპროტესტოთ პარლამენტის მიერ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების კანონპროექტის ჩაგდება," - განაცხადა "კურიერთან" მიხეილ გოგოტიშვილი.