12 მაისი 2024,   19:25
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" თანამშრომლების დაკავების მოტივი პოლიციის დაუმორჩილებლობაა

"ევროპული საქართველოს" ორ თანამშრომელს, რომლებიც დღეს დააკავეს, პოლიცია დაუმორჩილებლობას ედავება.

ბოლო ინფორმაციით, დაკავებულები ბესო შავაძე და კობა ზაქარეიშვილი კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს ადმინისტრაციულ შენობაში უკვე გადაიყვანეს, უახლოეს საათებში კი დიღმის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსებენ. 

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, ოთო კახიძე დაკავებაში პოლიტიკურ სარჩულს ხედავს. კახიძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება აქციის ჩაშლას ცდილობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ისინი ამას ვერ მოახერხებენ.

"დააპატიმრა პოლიციამ, დააკავეს მანქანა ჩვენი ორი თანამშრომლით. ბესო შავაძე და კობა ზაქარეიშვილი იმყოფებოდნენ იქ და გაურკვეველი მიზეზით გადაიყვანეს, როგორც გვეუბნებიან, კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს ადმინისტრაციულ შენობაში. ასეთი ტიპის მოქმედებებით ცდილობენ, რომ ხელი შეგვიშალონ, რასაც ვერ მიაღწევენ, აქცია მაინც ჩატარდება. მოვუწოდებ პოლიციას, კანონი დაიცვას და ნუ ემორჩილება ივანიშვილის მითითებებს,"- განაცხადა ოთო კახიძემ.

იმავე აზრზეა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი ირმა ნადირაშვილიც. 

"პოლიციამ პირდაპირ გაიტაცა ჩვენი სატვირთოც და ჩვენი თანამშრომლებიც და მათზე არაფერი ვიცით. სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ასეთი მეთოდებით შეძლებს წინ აღუდგეს ან საღამოს მიტინგს, ან იმას, რომ ჩვენ ყველა ერთად ერთის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილს დავამარცხებთ. მე ძალიან დიდი მწუხარებით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პოლიცია გადავიდა მღებრიშვილის საუკეთესო ტრადიციებზე,“- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" 2 თანამშრომელი, რომელთაც საღამოს დანიშნული აქციისთვის კარები და შეშა გადაჰქონდათ, ცოტა ხნის წინ იუსტიციის სახლთან აიყვანეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები