20 მაისი 2024,   21:13
ვრცლად
აქციის მერვე დღე - გამთენისაას დემონსტრანტები პოლიციამ დაშალა

წყლის ჭავლი, სპეცრაზმი და საპოლიციო შეიარაღება. გამთენიისას პარლამენტთან შეკრებილები ძალის გამოყენებით დაშალეს. დააკავეს 28 ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსები.

ბოლო 8 დღის განმავლობაში აქციის მონაწილეების წინაღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს წყლის ჭავლის მანქანა მეორედ გამოიყენა. სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტის შესაჩერებლად და აქციის დასაშლელად კვლავ ჩიტაძის ქუჩიდან გამთენიისას 5 საათისთვის გამოჩნდნენ, პარალელურად სპეცრაზმი ჭიჭინაძის ქუჩაზეც დაიძრა.

სამართალდამცველების მთავრი მოთხოვნა სავალი ნაწილის გათავისუფლება და ტროტუარებზე გადასვლა იყო.

სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა, სავალი ნაწილი ძალის გამოყენებით გაათავისუფლეს.

სპეცრაზმთან ერთად აქციაზე გამოყვანილი იყო საპოლიციო შეიარაღებაც. წყლის ჭავლის მანქანა მოქალაქეების წინააღმდეგ პარლამენტის უკანა შესასვლელთან და ჭიჭინაძის ქუჩაზეც გამოიყენეს.

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს პოლიციამ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 28 პირი დააკავა.

დაკავებულები დიღმის სამმართველოში გადაიყვანეს, მათ შორის იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი მინაშვილიც. დაკავებულები ადვოკატმა მოინახულა, რის შემდეგაც მომიტინგეები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. არცერთი პირი დანაშაულს არ აღიარებს.

სპეცრაზმის გამოჩენამდე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.ხმაური აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ტერიტორიაზე შეშის შეტანის მცდელობას მოყვა. სამართალდამცველებმა ევროპული საქართველოს წევრები შემოწმების მიზნით გააჩერეს. შეხლა-შემოხლის შემდეგ პოლიციამ გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა ტერიტორიიდან განარიდა.

ღამე აქციაზე "ევროპული საქართველოს" რამდენიმე აქტივისტიც დააკავეს. 

დღის ამბები