პარლამენტის წევრი თამარ ჩუგოშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ბოლოჯერ უხელმძღვანელებს.
ჩუგოშვილის განცხადებით, სტრასბურგში გამართულ შეხვედრებში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს დააყენებს.
"უახლოესი სამი დღის განმავლობაში საქართველოს ბოლოჯერ წარმოვადგენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (პარლამენტს ამ დრომდე არ შეუქმნია ახალი დელეგაცია და ამიტომ ეს ჯერ კიდევ ჩემი პასუხისმგებლობაა).
სამი წლის განმავლობაში ჩემს კოლეგებთან, თანამშრომლებთან და მეგობრებთან ერთად წარმოუდგენელი შრომა ჩავდეთ ამ საერთაშორისო სტრუქტურაში საქართველოს ღირსეულად წარმოსაჩენად და ქვეყნის იმიჯის ასამაღლებლად. საქმიანობას დელეგაციის ხელმძღვანელის სტატუსით ვასრულებ მაშინ, როდესაც ქვეყანამ თავმჯომარეობა უნდა გადმოიბაროს. მართალია, ეს სტატუსი რიგითობით გადაეცემა ქვეყნებს, თუმცა საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა.
დღეს სტრასბურგში გაიმართება საზეიმო ღონისძიება, ხოლო მომავალი ორი დღის განმავლობაში მმართველი კომიტეტის და ბიუროს შეხვედრები. ვფიქრობ, მთავარი სათქმელი რაც ამ ფორმატებში მექნება, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეა, შესაბამისად სწორედ ამ საკითხს დავაყენებ PACE-ს ხელმძღვანელობის წინაშე, იმედია ეს ოდნავ მაინც დაეხმარება მას და მის ოჯახს," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.